ირაკლი კობახიძე: ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რის შემდეგაც საყოველთაო – სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რის შემდეგაც საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხელმოწერების შეგროვება დასრულებულია და ხუთშაბათს საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება.
მისი განცხადებით, კომისია, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.
„საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით. საუბარია ბონუს სისტემის ამოღებაზე კონსტიტუციიდან, ასევე საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებაზე, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებაზე. ასევე დაზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები, რომელიც არჩევნებს უკავშირდება.
ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში. ამისათვის შეიქმნება სპეციალური კომისია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. ეს კომისია მუშაობას გააგრძელებს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში და ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო განხილვები.ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით და ამ შეთანხმების შესაბამისად შეიცვლება კონსტიტუციაში ნორმები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, პრეზიდენტს და არასამთავრობო სექტორს შესთავაზებს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში ჩართვას, კობახიძის თქმით, განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა იქნება ჩართული.
„ყველა იქნება ჩართული ამ განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია ამოწურულია. საქმე ეხება ოთხ საკითხს, რომელზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოდგენელი იქნება კომისიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები