აშშ-ის სავაჭრო პალატა : საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა სასწრაფოდ უნდა გაფორმდეს
საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, მაიკლ ქაუგილის განცხადებით, აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სასწრაფოდ უნდა გაფორმდეს. ამის შესახებ ქაუგლი ამერიკულ გამოცემა “Thi Hill”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. სტატიის სახელწოდებაა „ახალი აბრეშუმის გზა – აშშ-ს სჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან”. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო „რეგიონში სამაგალითოდ წარმატებული სახელმწიფოა და ამ ქვეყანაში აშშ-ის ინტერესები დიდი და მზარდია.
„ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება თავისუფალი ვაჭრობა. ეს გაამყარებდა საქართველოს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ხოლო ამერიკულ კომპანიებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროკავშირში მიმავალ, ახალ და დინამიურ გზას გაუხსნიდა”, – წერს ქაუგილი.
მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესისა და მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებულმა პროგრამებმა ხელი შეუწყო „საქართველოში თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმების გატარებას და დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას”. როგორც ავტორი აღნიშნავს, შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.3%-ამდე გაზარდა, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებლებს ორჯერ აღემატება.
„ეს წარმატება მრავალწლიანი რეფორმების შედეგია. ბოლო წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა 4-პუნქტიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად. ეს სტრატეგია საგადასახადო პოლიტიკაში ისეთ ცვლილებებს ითვალისწინებს, რაც ბიზნესის უმეტესობისთვის მისაღებია. მმართველობის სისტემა უფრო ეფექტური უნდა გახდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უნდა დაჩქარდეს, ინვესტიციები უნდა ჩაიდოს განათლებაში, ყველაზე საჭირო სფეროებისა და პროფესიების განვითარების ხელშესაწყობად”, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ბიზნესის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი, სანდო და პროგნოზირებადი გარემო აქვს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, საქართველო, ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმით, მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს.
„მეტიც, საქართველო ხდება რეგიონული სავაჭრო ჰაბი ახალ აბრეშუმის გზაზე. საქართველოდან ჩინეთში ტვირთის ჩატანა 10 დღეშია შესაძლებელი, ხოლო ევროპის ნებისმიერ წერტილში ოთხ დღეში. შავი ზღვის სანაპიროზე მშენებარე ახალი პორტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს კავშირებს და ამ პორტს შეეძლება მსოფლიოში ყველაზე დიდი გემების მიღება. ანაკლიის პორტის ამბიციურ პროექტს, რომელიც 2,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ქართული და ამერიკული ფირმები ერთად ახორციელებენ, ხოლო პორტის ოპერატორი ამერიკული კომპანია იქნება. საქართველოს უკვე აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან და ჩინეთთან, ასევე, თურქეთთან და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან. ამასთან, მთავრობა მომდევნო ოთხ წელიწადში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში 4,5 მილიარდი დოლარის ჩადებას გეგმავს. წამყვანი ამერიკული კომპანიები საქართველოში ინვესტიციებს წლების მანძილზე აბანდებენ. თუმცა საქართველოს ცნობადობის გაზრდისთვის საჭიროა, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება სასწრაფოდ გაფორმდეს. შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი უნდა იყოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ამერიკელ ინვესტორებს საშუალებას მისცემს, ბიზნესი აქტიურ და მზარდ ბაზარზე აწარმოონ. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ორივე ქვეყნის ეკონომიკის და უსაფრთხოების გამყარებისთვის”, – წერს საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.
19 წლის განმავლობაში, მაიკლ ქაუგლი სხვადასხვა ენერგო და საგანმანათლებლო სფეროს პროექტების მენეჯერად მუშაობდა 40-ზე მეტ ქვეყანაში. გასულ წლებში, ასევე, იკავებდა ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას.