ქედაში, ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული სამი ბავშვი სტაციონარში რჩება

ქედაში, ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული სამი ბავშვი ამბულატორიული დახმარების აღმოჩენის შემდეგ, გაწერეს, სამი კი კვლავ სტაციონარში რჩება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ორი პაციენტი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში რეანიმობილით გადაიყვანეს, ერთი კი, კვლავ ქედის საავადმყოფოს სტაციონარშია, თუმცა მალე მასაც ბათუმში გადაიყვანენ.

დაშავებულები აჭარის განათლების მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულეს.

„სამი ბავშვი უკვე გაეწერა, მათ უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებოდათ, სამი კი სტაციონალურ მკურნალობას განაგრძობს. ორი მოსწავლე უკვე გადმოყვანილია ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში, მათ უტარდებათ გამოკვლევა. ერთ-ერთ დაშავებულს თავის ტვინის ტრავმა აღენიშნება, მოსწავლეებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნებათ ნაკაწრები, თუმცა ყველას მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ვინაიდან ქედაში არ არის ბავშვთა სტაციონარი, იქ დარჩენილ მოსწავლესაც მალე გადმოიყვანენ“ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძემ.

შემთხვევა ქედაში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დღეს, საღამოს მოხდა. ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის 20-მდე მოსწავლე სხალთიდან სახლში მიკროავტობუსით ბრუნდებოდა. ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო, ავტომანქანის კარი გაიღო და მოსწავლეთა ნაწილი მიკროავტობუსიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც, ექვსი მათგანი დაშავდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები