ქართულ-ესტონური ფილმის „აღსარების” პრემიერას ესტონეთის პრეზიდენტი და საქართველოს ელჩი დაესწრნენ

ესტონეთის კინოს მუზეუმში  ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძის ახალი ქართულ-ესტონური ფილმის „აღსარების” ესტონური პრემიერა გაიმართა, რომელსაც ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი  და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი დაესწრნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა კინემატოგრაფიის სფეროში ქართულ-ესტონური წარმატებული თანამშრომლობის როლს ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში, ასევე მსოფლიო დონეზე, ქართულ-ესტონური საუკუნოვანი მეგობრობისა და ერთიანი ფასეულობების წარმოჩენაში. მან მადლობა გადაუხადა ფილმი „მანდარინების” შემქმნელებს, ცნობილ ქართველ და ესტონელ კინოხელოვანებს, გაწეული ძალისხმევისათვის და ახალ ფილმს წარმატებები უსურვა.

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, ორ ქვეყანას შორის კინოხელოვნების კუთხით განვითარებულ მჭიდრო და წარმატებულ ურთიერთობებს მიესალმა. მან იმედი გამოხატა, რომ სხვა სფეროებშიც, კიდევ არაერთი წარმატებული ქართულ-ესტონური პროექტი განხორციელდება.

ფილმის დაწყებამდე აუდიტორიას ასევე, კომპანია Allfilm-ის წარმომადგენელმა ივო ფელტმა და ფილმის რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ მიმართეს, რომელიც ტალინს აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობისთვის ესტუმრა.

კინოჩვენების პარალელურად, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი იყო ძველი ქართული ფილმების აფიშების გამოფენა.

ფილმის პრემიერას ესტონეთის ხელისუფლების, პარლამენტისა და სამთავრობო ინსტიტუტების, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე კულტურული და ბიზნეს წრეების, ესტონეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ მიღება გაიმართა.

ღონისძიება ესტონეთის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოსა და კომპანია Allfilm-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები