ინდონეზიაში გამოფენა „პრეისტორიული მემკვიდრეობა” გაიხსნა

ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმში  გამოფენა სახელწოდებით: „პრეისტორიული მემკვიდრეობა” გაიხსნა, რომელის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნა დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების ნიმუშების ასლები.

გამოფენის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ინდონეზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ალექსიძემ და ინდონეზიის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ჰილმარ ფარიდმა  მიმართეს.

საქართველოს ელჩმა საკუთარ გამოსვლაში საქართველოსა და ინდონეზიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრა და ბოლო პერიოდში ინდონეზიის საზოგადოებაში საქართველოს შესახებ ცნობადობის მნიშნელოვან გაზრდას ხაზი გაუსვა.

პროფესორი ჰილმარ ფარიდი ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმში დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების ნიმუშების ასლების გამოფენას მიესალმა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ინდონეზიის მხარე კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე  ინდონეზიას ეწვია, რომელმაც გამოფენის გახსნის შემდეგ ლექცია „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის აღმოჩენა” წაიკითხა. ინდონეზიის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა პროფესორმა ჰარი ვიდიანტომ ასევე ჩაატარა ლექცია სახელწოდებით „ჰომო ერექტუსის გრძელი გზა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე და არქიპელაგის ადამიანებით დასახლება”.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ ინდონეზიის ხელისუფლების, კულტურის, სამეცნიერო წრეების და მედიის წარმომადგენლები. საღამო საქართველოს საელჩოსა და ინდონეზიის ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მიღებულ იქნა საქართველოსა და ინდონეზიის მუზეუმს შორის არქეოლოგიური ნიმუშების ასლების გაცვლის გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები