იანოშ ჰერმანი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 6 თვის შედეგები შეაჯამა.
როგორც მან განაცხადა, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა.
მისივე თქმით, შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი რეგულაციები ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება.
როგორც ჰერმანმა აღნიშნა, ევროკომისიის წინადადება, რომელიც ე.წ. ETIAS სისტემის შემოღებას შეეხება, ემსახურება ევროკავშირის უსაფრთხოების გაზრდას სხვა ქვეყნების დონეზე.
“ევროკომისიის წინადადება, რომელიც 2020 წლიდან ე.წ. ETIAS სისტემის შემოღებას შეეხება, ემსახურება ევროკავშირის უსაფრთხოების გაზრდას სხვა ქვეყნების დონეზე. ეს სავალდებულო გახდება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საქართველოს ჩათვლით, რომლებიც ევროკავშირში გაემგზავრებიან”,- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ შენგენის ზონაში მოგზაურობასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების თანახმად, სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებული არიან.
გარდა ამისა, შენგენის ზონაში მგზავრობის მსურველებს მოუწევთ ელექტრონული ფორმის შევსება, სადაც მათ უნდა მიუთითონ დაბადების ადგილი და თარიღი, პასპორტის მონაცემები, სახელი, გვარი, ეროვნება, სქესი, საკონტაქტო ნომრები, საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია, მგზავრობის მიზანი და სად აპირებენ გამგზავრებას.
სამგზავრო ნებართვის აღების ღირებულება 10 ევრო იქნება. გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან სტუდენტები, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის ნათესავები, 18 წლამდე ასაკის პირები. ელექტრონული აპლიკაციის ავტორიზაცია 72 საათში მოხდება და მისი გამოყენების ვადა იქნება სამი წელი. მესამე ქვეყნების მოქალაქეების მონაცემს ევროპოლის, ინტერპოლის შენგენის საინფორმაციო სისტემის შესაბამისი ორგანოები შეამოწმებენ. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება აპლიკანტის გასაუბრებაზე დაბარება. უარის მიღების დროს, სამგზავრო დოკუმენტის მიღების მსურველი პირი დეტალურ განმარტებას მიიღებს.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით 60-ზე მეტი ქვეყანა სარგებლობს. ევროკომისიის მონაცემებით, 2020 წლისთვის სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებული ქვეყნებიდან შენგენის ზონაში 39 მილიონ ადამიანს ელოდებიან. შეთანხმები მიღწევის შემთხვევაში, ახალი სისტემის ყოველწლოური ღირებულება 85 მილიონი ევრო იქნება და შესაძლოა, 2020 წელს შევიდეს ძალაში.
ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციის მიღებაზე მსჯელობის მიზეზი ტერორიზმის გაზრდილი საფრთხეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები