გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 50-ე შეხვედრა გაიმართა.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებამდე გალში გაერო-ს ინიციატივით საინფორმაციო სესია გაიმართა.

მისივე თქმით, სესიაში უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდნენ, სადაც მათ კონფლიქტურ რეგიონებში კრიმინალთან არსებული ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრეს.

ამასთან, შეხვედრის შემდეგ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

”გარდა ამისა, ვისაუბრეთ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის საკითხზე, რომელსაც ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია. ის უნდა წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. რაც შეეხება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, შემიძლია გითხრათ, რომ ცენტრალური მთავრობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ვმუშაობთ, რომ უმოკლეს ვადაში გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან. გარდა ამისა, შეხვედრაზე ე.წ. აფხაზურმა მხარემ დაადასტურა, რომ დაკავებული კობა ოყუჯავა, რომელიც, მათივე თქმით, 2000 წელს ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის დააკავეს და ამჟამად გალის იზოლატორში იმყოფება. რაც შეეხება ცხელ ხაზს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრება“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

გალში შემდეგი შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები