„საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული სამართლებრივი აქტები უკვე უსინათლოთათვისაც ხელმისაწვდომია – ინტერვიუ ნიკა ახალბედაშვილთან

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული სამართლებრივი აქტები უსინათლო და მცირემხედველიანი პირებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. სპეციალური აუდიოპროგრამის საშუალებით მათ იურიდიული მასალის გაცნობა ახლა უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ. როგორ შეიქმნა სპეციალური პროგრამა, კიდევ რა ახალ სერვისებს სთავაზობს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” მოქალაქეებს ამ საკითხებზე, „კვირასთან“ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე ნიკა ახალბედაშვილი საუბრობს.

– შეიძლება ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ ჯერ არ იცის, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ადმინისტრაცია ცოტა ხნის წინ ახალ შენობაში გადავიდა. რამ განაპირობა ამის საჭიროება?
– მოგეხსენებათ, ნებისმიერი ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ იძენს, ოფიციალურ იურიდიულ ძალას. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება ხარისხიანად და ეფექტიანად განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა, მოქალაქეებს მივაწოდოთ ახალი სერვისები და დავგეგმოთ სამომავლო პროექტები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ახალ ოფისში გადმოსვლაც. ჩვენი ახალი ოფისი მდებარეობს გურამ ფანჯიკიძის №2 -ში. ადრე აქ ე.წ. საპასპორტოს შენობა იყო. მზარდი პროექტების კვალდაკვალ იზრდება თანამშრომლების რაოდენობაც, ასევე საჭიროა დამატებითი სივრცე სხვადასხვა აქტივობისთვის, შესაბამისად, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ახალი შენობაც დამატებითი სტიმულია ჩვენი თანამშრომლებისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი შემართებით განვაგრძოთ საქმიანობა. ახალმა სივრცემ მოგვცა საშუალება, მოგვეწყო ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი იქნება ადრეულ პერიოდში დაბეჭდილი კოდექსები და სხვა იურიდიული ლიტერატურა, რომელთა ადგილზე გაცნობის საშუალება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

– „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომი გახდა უსინათლოთათვისაც, ამ პროექტზე რომ ვისაუბროთ…
– „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ პერიოდულად გეგმავს და ახორციელებს ახალ პროექტებს, უმნიშვნელოვანესია ჩვენ მიერ ბოლოს განხორციელებული ერთ-ერთი პროექტი, შეიქმნა მცირემხედველიან და უსინათლო პირებზე ადაპტირებული ვებგვერდი: https://voice.matsne.gov.ge/,, ამ საიტის მეშვეობით, მათ შესაძლებლობა აქვთ, ხმოვანი ძრავის დახმარებით დამოუკიდებლად მოძებნონ სამართლებრივი აქტი, გაეცნონ დოკუმენტების შინაარსს.
როდესაც აკეთებ პროექტს სამიზნე ჯგუფზე, აუცილებელია უშუალოდ მათი ჩართულობა. ამ კონკრეტული პროექტის განხორციელების დროსაც ასე მოხდა – თავად იმ ადამიანებმა განსაზღვრეს პრიორიტეტები, რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ ამ ადაპტირებული საიტით. თვითონ ხმოვანი ძრავაც ჩაწერილია ამ ადამიანების მიერ. ჩვენი პარტნიორი კომპანიის დახმარება დაგვჭირდა მხოლოდ იმაში, რომ ამ ხმოვანი ძრავის ინტეგრირება მომხდარიყო არსებულ ძირითად საიტთან. ზოგადად, სასიხარულოა, რომ იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი მოწინავე უწყება, რომელმაც ქვეყანაში დანერგა და აქტიურად ნერგავს შშმ პირებისთვის.


– აღნიშნული პროექტის გარდა, „საკანონმდებლო მაცნეს“ სხვა რომელი ახალი სერვისები შეგიძლიათ გამოყოთ?
– „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ დაარსებულია 1998 წელს და 2010 წლის ჩათვლით გამოიცემოდა ბეჭდური სახით, 2010 წელს – ანუ მას შემდეგ, რაც შეიქმნა ელექტრონული ვერსია, ყოფილმა ხელისუფლებამ მაცნეს სტამბის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მოგვიანებით ჩვენ მივიღეთ სტამბისთვის ფუნქციონირების დაბრუნების გადაწყვეტილება და ვფიქრობ, ეს იყო სწორი ნაბიჯი, იმიტომ, რომ მოქალაქეების ნაწილისთვის გაცილებით დიდი კომფორტია ბეჭდური ვერსიით სარგებლობა. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ აქვს ონლაინმაღაზია, ონლაინმაღაზიას აქვს ადგილზე მიტანის სერვისი. მოქალაქეებს იურიდიული ლიტერატურის მიღება, რომელიც მაცნეს სტამბაშია დაბეჭდილი, უკვე სახლიდან გაუსვლელადაც შეუძლიათ. ინტერესი და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია როგორც კერძო პირების, ისე ორგანიზაციების მხრიდან. ამასთან, კვირა არ გადის ისე, რომ პენიტენციალური დაწესებულებიდან არ მივიღოთ წერილი, კორესპონდენცია იურიდიული ლიტერატურის მიწოდების თაობაზე. ჩვენ პენიტენციალურ დაწესებულებაში მოთავსებულ მოქალაქეებს ყოველგვარი საფასურის გარეშე ვუგზავნით სასურველ მასალას, უმნიშვნელოვანესია, რომ ისინი ეცნობოდნენ შესაბამის ლიტერატურას, რათა იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ, გაეცნონ ქვეყანაში მიმდინარე კანონმდებლობას, საკანონმდებლო აქტების უახლეს ვერსიებს და ა.შ… ამ მასალის მიწოდებაში „მაცნე“ თავის როლს ზედმიწევნით ასრულებს… კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ „მაცნეს“ ვებგვერდს დაემატა კონსოლიდირებული დოკუმენტების გვერდიგვერდ დათვალიერების ფუნქციონალი.

– რამდენად პოპულარულია მაცნეს ახალგაზრდული კლუბი, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაარსდა?
– დიახ, ჩვენი კიდევ ერთი ახალი პროექტია, ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი – „მაცნეს“ კლუბი. გადავწყვიტეთ, რომ „მაცნეს“ შიგნით შეგვექმნა სივრცე, სადაც თავს მოიყრიდნენ სამართლის სფეროთი დაინტერესებული პირები, გაიმართებოდა შეხვედრები ცნობილ პოლიტიკოსებთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და სტუდენტებს ჰქონოდათ საშუალება, უშუალოდ მათთვის დაესვათ შეკითხვები და მოესმინათ პასუხები საინტერესო თემებზე. საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ამ ფორმატმა. ვგეგმავთ კლუბის – „რა, სად, როდის“ შექმნასაც, ეს კლუბი მაცნეს კლუბის სახელით მიიღებს მონაწილეობას პროექტში. ასევე სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვასაც ვაპირებთ. „საკანონმდებლო მაცნე“ კიდევ არაერთი პროექტისა და სერვისის განხორციელებას აპირებს, რომელთა შესახებაც ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად შეიტყობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები