რა პროფესიის ადამიანი უნდა იყოს პრესსამსახურის უფროსი?

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის ჟურნალისტიკის სტუდენტები, რომლებმაც, სასწავლო კურსის ფარგლებში, თამარ ბელქანიას ხელმძღვანელობით, გაიარეს საგანი: „სამაუწყებლო მედია – ტელევიზია“, საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან. ეს არის პირველი ინიციატივა, რომლითაც სტუდენტები სახელმწიფოს მიმართავენ, რომ სახელმწიფო უწყებებში, ინფორმაციის, მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნოს პირი, რომელსაც აქტიურ მედიაში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება აქვს. ინიციატვის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ჟურნალისტური განათლების დაცვაა. როგორც ჟურნალისტიკის სტუდენტი მარიამ ლეჟავა ამბობს, სახელმწიფოს მიდგომა მედიისადმი გადახედვას საჭიროებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელებად უნდა დაინიშნონ საქმის პროფესიონალები. „ჩემი პროფესიით მუშაობა საკმაოდ ძნელია. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სფეროში დასაქმებულები არაპროფესიონალები არიან,“ -ამბობს მარიამ ლეჟავა. უნივერსიტეტის პროფესორის თამარ ბელქანიას თქმით, ინიციატივის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების რეალური მშენებლობა და არა მხოლოდ მისი დეკლარირება. „სახელმწიფოს ნამდვილად აქვს პრობლემა მედიის სახით, რადგან დღეს მედია მისი სახეა. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს შერჩევაც კი ბრძოლის საგანი გახდა,“ – ამბობს თამარ ბელქანია. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო საზოგადოებასთან მედიით ურთიერთობს, ხოლო როდესაც შუამავალი არაპროფესიონალია, საზოგადოების გარდა სახელმწიფოც ზარალდება. „მედია ისეთი სფეროა, თუ არ გიმუშავია, მის ენას ვერც გაიგებ. ოპონენტებმა შესაძლოა თქვან, რომ ევროპაში ან ამერიკაში ეს სხვაგვარადაა. შეგახსენებთ, რომ მათ უკვე აქვთ სახელმწიფო, მათი საზოგადოება შემდგარია. ჩვენ კი მემკვიდრეობად მივიღეთ საბჭოური მედია, რომელიც მართვადი იყო სახელმწიფოს მიერ და ჰგავდა იარაღს, რომელსაც დამნაშავე დანაშაულის ადგილზევე ტოვებს, ან იარაღს, რომელსაც დამნაშავე დანაშაულის ჩადენისთანავე იშორებს“, – აღნიშნავს ბელქანია. ამ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ჟურნალისტიკის სტუდენტებმა კვლევა ჩაატარეს. მათ როგორც ქუჩის, ასევე ონლაინგამოკითხვით მოისმინეს ჟურნალისტების და საზოგადოების აზრი. სტუდენტებმა, კვლევაზე დაყრდნობით და თამარ ბელქანიას ლექტორობით, სამაუწყებლო მედიის საგანში მიღებული ცოდნის დახმარებით, უნივერსიტეტის მულტიმედიის ცენტრში გადაცემა მოამზადეს, სადაც ისინი რეალურ რეჟიმში სწავლობენ ტელევიზიას. გადაცემაში ითქვა, რომ საჭიროა მედიასკოლების გაძლიერება, ქართულეონოვანი სახელმძღვანელოების შექმნა, უმაღლესი სასწავლებლების ტექნიკური აღჭურვა და მეტიც, სკოლებში მედიის საწყისების შესახებ საგნის შემოღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები