„ქართულმა ოცნებამ” თბილისში დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის და დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში არსებული ქუჩები, პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გათავისუფლდება.
დასუფთავების პირველი აქცია დღეს, საბურთალოს, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში გაიმართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ.
გლდანის მაჟორიტარობის გამარჯვებულმა კანდიდატმა ოთარ გრიგოლიამ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვასუფთავებთ ქალაქს პლაკატებისგან, რომელიც საარჩევნო პერიოდში გამოვიყენეთ. ყველა ოპოზიციურ კანდიდატს მსგავსი ქმედებისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენი ქალაქი დავასუფთავოთ“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
აქციაში ასევე, მონაწილეობა მიიღო ვაკის გამარჯვებულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბირბიჩაძემ.
„ვასუფთავებთ იმ ლოკაციებს, სადაც ჩვენი სააგიტაციო მასალა იყო გაკრული. ასევე, მოვუწოდებთ ყველას, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავესა და იერსახეზე“, – განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ დასუფთავების აქცია თბილისის ყველა რაიონში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები