28-29 ნოემბერს „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართება

„თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი 28-29 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით,   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც  აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.

ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“  გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ  უცხო ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.  გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა – მასში მონაწილეობა  34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო.

ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები