საქართველოს პატრიარქი: განსაცდელი ყოველ ადამიანს გააჩნია და ჩვენ უნდა მტკიცედ ვიდგეთ სარწმუნოებაზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამებაში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას, სარწმუნოების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სარწმუნოება ეს არის საფუძველი, იმედი და სწორედ ეს გადაარჩენს ადამიანს. მისივე თქმით, დღეს ეკლესია აბრაამსა და ლოტის იხსენებს. უწმინდესის თქმით, აბრაამი დიდი რწმენის და ღვთის იმედის მაგალითია.

”თქვენ იცით ბიბლიიდან, რომ აბრაამს შვილი არ ჰყავდა და მას უთხრეს, რომ ეყოლებოდა შვილი. შვილი წამოიზარდა, ღმერთმა უბრძანა, ის მსხვერპლად შეეწირა. წაიყვანა შესაწირად და ღმერთმა გამოაჩინა კრავი, რომელიც იყო შეწირული. ამით გამოსცადა აბრაამი. განსაცდელი ყოველ ადამიანს გააჩნია და ჩვენ უნდა მტკიცედ ვიდგეთ სარწმუნოებაზე. სარწმუნოება ეს არის ჩვენი საფუძველი, ეს არის იმედი ჩვენი, ეს გადაარჩენს ადამიანს”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას გაიხსენა, რომ რამდენიმე დღის წინ, მასთან სარწმუნოებით მუსლიმანი ადამიანი იყო მისული. მუსლიმის თქმით, არსებობს სამი ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით მადლმოსილია და ეს აღნიშნულია მუსლიმანურ წიგნებში, კერძოდ ეს არის: ქუმი, ერაყი და საქართველო. ”დიდება და მადლობა უფალს, რომ აირჩია საქართველო. საქართველო არის ტახტი უფლისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს”, – ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა დღეს მარტიაშვილების გვარი და ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატი დალოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები