შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა – მამაკაცმა, შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1979 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1983 წელს დაბადებულ ა.გ.-ს და მეორე არასრულწლოვან შვილს, 2010 წელს დაბადებულ შ.გ.-ს, რის შესახებაც დაზარალებულმა ქალბატონმა პოლიციას აცნობა. დადგინდა, რომ გ.გ.-მ მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება არაერთხელ ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა გ.გ. საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები

კომენტარი