არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვა საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით კეთდება და ამაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის

„საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვა საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით კეთდება და ამაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის განმარტებით, ამ ქმედების განხორციელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ამასთან, აღრიცხვის წარმოება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობაა.
„საჯაროდ იყო გაკეთებული განცხადება ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამაზე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობა. სიები არის ღია და ნებისმიერ აქტივისტს, მსურველს, შეუძლია აწარმოოს აღრიცხვა, გარეთ თუ შიგნით. ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას საკუთარი წარმომადგენლებისთვის დავალება აქვს მიცემული, რომ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს.

„ამ მომენტისთვის, საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს, როგორც ჩანს, აძლევენ ასეთ ინსტრუქციას, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს თითოეულ უბანზე და ამ გზით ცდილობენ, რომ ამომრჩეველთა განწყობებზე მოახდინონ რაიმე ტიპის ზეგავლენა. მინდა, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს და ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, მობრძანდნენ და დააფიქსირონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე საკუთარი არჩევანი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები