რატომ არ მიდიან არჩევნებზე კახეთის რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელი ქალები – იორმუღან­ლოს თემის სოფლებში ქალთა დაბალი აქტივობაა

0

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში ქალთა დაბალი აქტივობაა.
იორმუღან­ლოს თემის სოფლებში მცხოვრები აზერბაიჯანელი ქალები არჩევნებში, როგორც წესი, დამოუკიდე­ბლად არ მონაწილეობენ. გამონაკლისს წარმოადგენენ საჯარო სკო­ლებში დასაქმებული ქალები. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალების უმეტესობა შვი­ლების მოვლით, ოჯახის საქმითა და მესაქონლეობით არიან დაკავე­ბულნი. მათი უმრავლესობა მინდორში ფიზიკურად შრომობს.
როგორც გაზეთი “კახეთის ხმა” ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი ქალების უმრავლესობა არჩევნებზე არასდროს ყოფი­ლა და არც ის იციან, 21 ოქტომბერს რა არჩევნები ტარდება. ამბობენ, რომ ხმის მიცემის გა­დაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებენ, ამიტომ ოჯახიდან არჩევნებზე ან მხოლოდ მამაკაცები დადიან, ან იმ კანდიდატს შემოხაზავენ, რომელსაც მეუღლე ეტყვის. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირება სურთ, მაგრამ არაფერი იციან საკუთარი საარჩევნო უფლებების შესახებ და მერობის, თუ დეპუტატობის კანდიდატებს საარჩევნო პლაკატებიდან იცნობენ და მათ ნომრებს იმახსოვრებენ.
“მე პალკატე­ბზე რომ არის ნომრები, იმით ვიმახს­ოვრებ ვინ არიან. აქ რომ მოდიან ჩვენ გარეთ არ გავდივართ და თანაც ჩვენი ენა არ იციან, რა უნდა გავიგოთ? ქართულად, რამდენიმე სიტყვა ვიცით. კაცებმა იციან ქართული და უსმენენ ხოლმე, მაგრამ სახლში ამაზე არ ვლაპარაკობთ“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
“კვლევის მიხედვით, არჩევნებში აზერბაიჯა­ნელთა თემის ქალთა მონაწილეობა განსაკუთრებით დაბალია. ქართუ­ლი ენა საკომუნიკაციო დონეზეც კი არ იცის ეთნიკური უმცირესობის ამომრჩეველთა 41,8 %–მა. დაახლოებით 22%–ს ესმის, მაგრამ სახელ­მწიფო ენაზე კითხვისა და წერის უნარები არ აქვს. ქალების 54%–მა კი ქართული ენა საერთოდ არ იცის”, – წერს გაზეთი “კახეთის ხმა”.
არის შემთხვევები, როდესაც არჩევნებში ქალების მონაწილეობას მამაკაცებიც ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მათმა მეუღლეებმა ქართულად წერა – კითხვა და საუბა­რი არ იციან და შესაბამისად არჩევნებზეც არაფერი ესაქმებათ.
თელავის „გენდერის მედიაცენტრში“ საარჩევნო კულტუ­რის განვითარებას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ხედავენ. ექსპერტები არჩევნებზე ქალთა დაბალი აქტივობაზე საუბრობენ და განმარ­ტავენ, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი სტრატეგია ცალკეული რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით.
„გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე წლის წინათ ჩატარე­ბული კვლევის თანახმად, ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულე­ბები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა – აღ­ზრდა და საშინაო საქმეები. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა (63%) მიიჩნევს, რომ კარგი ცოლი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს, მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმება მას.
“ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ვალდებულია, იჯდეს სახლში, შვილები ზარდოს, სახლი დაალაგოს, ქმარს მომზა­დებული საჭმელი დაახვედროს, მოემსახუროს და დაემორჩილოს მას. განსაკუთრებით ეთნიკურ უმ­ცირესობებში. გენდერული ბალანსი რომ არ დაირღვეს, უნდა ჩატარდეს მეტი პრევენციული ღონისძიებე­ბი როგორც სახელმწიფოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“, – მიაჩნია ასოციაცია „ვეჯინის“ თავმჯდომარე ლაურა ხარიტონაშვილს.

წყარო:http://www.knews.ge

კომენტარები

კომენტარი