20 ოქტომბერი ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღეა

ქართველ ავიამეთვალყურეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღეს ულოცავს. გიორგი გახარიას განცხადებით, ეს არის ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც პირდაპირ ფრენების უსაფრთხოებას უკავშირდება.

„ავიამიმოსვლების მეთვალყურეობა არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული პროფესია, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნას, დაძაბულ შრომას და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს.  მსურს ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიული დღესასწაული მივულოცო და მათ წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ  ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები და ინიშნება ახალი ავიარეისები, ავიამეთვალყურის პროფესია საქართველოს საავიაციო სფეროს უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საპატიო ხდება.

ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღე ავიამეთვალყურეთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (IFATCA) 56 წლის წინ დაარსა. ამ დღეს მსოფლიოს 130 ქვეყანა ერთდროულად აღნიშნავს. საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  შპს „საქაერონავიგაციას“ 110 ავიამეთვალყურე ჰყავს დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები