Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს

მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, – კონკრეტულ სფეროებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელად ფრანკმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, პროექტები და არსებული საინვესტიციო გარემო დეტალურად გააცნო.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება  ქვეყნის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებსაც რეგიონული მნიშვნელობა ენიჭება, საქართველოს მთავრობა მსხვილი ინვესტორების ჩართვას  მიესალმება.

აღინიშნა, რომ საქართველო ჯამურად 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ბაზარზეა გასასვლელი, რამდენადაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ევროკავშირთან და მეზობელ ქვეყნებთან, ცოტა ხნის წინ კი საქართველოს თავისუფალი სავაჭრო პარტნიორი გახდა ჩინეთი.

პრემიერ-მინისტრმა Frank Group-ის წარმომადგენლებს საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ინვესტორების მაქსიმალური მხარდაჭერისთვის მზად არის.

Frank Group არის საერთაშორისო ჰოლდინგი და საინვესტიციო ჯგუფი 200-წლიანი გამოცდილებით, რომელიც ძირითადად უძრავი ქონების, წარმოების, ტურიზმის, მაღალი ტექნოლოგიებისა და სამშენებლო სფეროში საქმიანობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები