ექსპერტის თქმით, ჭყონიას გამორჩა, რომ „პანორამა თბილისი“ ინვესტიცია ქველმოქმედებაა

ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის თქმით, როდესაც ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „პანორამა თბილისისა“ და ქუთაისის „მაკდონალდსის“ პროექტები ერთმანეთს შეადარა, მას ერთი ლარის უკან მდგომი ასეულობით მილიონის ინვესტიცია გამორჩა.
ექსპერტმა „პირველთან“ აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლება განიხილავს, განსაკუთრებული პროექტებს ინვესტორებისთვის ერთ ლარად მიწის გადაცემას, საინვესტიციო ვალდებულებების თანხლებით, ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ პროექტის მასშტაბს ითვალისწინებენ.
„სრულიად ალოგიკურია, და მოდით პირდაპირ ვთქვათ, უსინდისობაა „პანორამა თბილისისა“ და ქუთაისის „მაკდონალდსის“ პროექტის მასშტაბებისა და სოციალ-ეკონომიკური დონის შედარება ერთმანეთთან. ფაქტია, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში, ინვესტორი ასეულობით მილიონის დაბანდებას გეგმავს. „პანორამა თბილისი“ აბსოლუტურად განსხვავებული პროექტია. უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვა აქვს, ითვალისწინებს საქართველოში დიდი ოდენობის პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილის შექმნას. როგორც საშუალო, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეს პროექტი მოუტანს ძალიან დიდ ბენეფიტს, როგორც სოციალური ისე ეკონომიკური კუთხით. ვფიქრობ, რომ ჭყონიას მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ერთი ლარი ცოტაა – რბილად რომ ვთქვათ ცინიკურია. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ განცხადებებს იმ ბიზნესმენისგან ვისმენთ, ვინც მაშინ როდესაც ძალიან ბევრი ბიზნესმენი ძალიან ცუდ მგომარეობაში იყო, ის ავითარებდა საკუთარ ბიზნეს და არ წუხდა იმ გარემოზე, რაც წლების განმავლობაში იყო შექმნილი და დღეს ასეთ შეფასებებს აკეთებს.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, ჩემი აზრით პანორამაც საქველმოქმედო პროექტია, რადგან ათეულობით წლები ვერ ამოიღებს ვერცერთი ბიზნესმენი იმ მასშტაბის ინვესტიციას, რაც იქ იდება. ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილი ამას იმიტომ აკეთებს, რომ სხვა ინვესტორებს აჩვენოს, რომ საქართველო მშვიდი და ურისკო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის“, – აღნიშნა კალანდაძემ.
ჭყონიას თქმით, მან ქუთაისში, როდესაც McDonald’s ააშენა, ამაში 850 ათასი გადაიხადა მიწაში და 3 მილიონის ინვესტიცია გააკეთა. ჭყონია – მაინც ერთი ლარი ცოტა იაფია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები