„ვინაიდან საუბარია რომ შეწყალების კომისიაში იყო კორუფცია, ამაზე დაუყოვნებლივ უნდა მოეხდინა ხელისუფლებას რეაგირება”

უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაზე ისაუბრა, რომელის გაჟღერებაც ოხანაშვილის მხრიდან, ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სასამართლო პროცესზე მოხდა.
ნანა კაკაბაძემ საგამოძიებო უწყებაში საჩივარი შეიტანა, რომელიც 14 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“  ეთერით გასულ სიუჟეტს ეხება, სადაც სოსო ოხანაშვილი, საპატრიარქოში არსებული შეწყალების კომისიის მეშვეობით, მოქმედ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.

„გამომძიებლებმა თქვეს, რომ ჩვენ არ ვიყავით ვადებში შეზღუდული და გამოძიება, რა თქმა უნდა, დაიწყებოდაო. მაგრამ მე მაინც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება არ იყო დაწყებული და რეაგირება მხოლოდ იმის შემდეგ მოხდა, რაც მე ეს გავიგე სიუჟეტიდან და მივმართე პროკურატურას. როდესაც ოქმის შედგენა დაიწყეს, მე ვკითხე, რომ ჩვენი შეხვედრა შეხვედრისთვის იყო და ოქმი ოქმისთვის, მოჰყვება თუ არა ამას მყისიერად გამოძიების დაწყება, პასუხი იყო შემდეგი: იცით ამ ოქმს მე შევიტან ჩემს ხელმძღვანელებთან და ისინი გადაწყვეტენ. მე ვუპასუხე, რომ ცდებოდნენ თუ ფიქრობდნენ, რომ მათი ან მათი ხელმძღვანელების გადასაწყვეტი იყო ის ფაქტი, დაიწყებოდა თუ არა გამოძიება.
გამოძიების დაწყებას ავალდებულებს კანონი, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და განვუცხადე, რომ ამ შემთხვევაში ეს მათი ვალდებულება და არა მათი გადაწყვეტილება იყო“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

უფლებადამცველი ამბობს, რომ რაც „შაბათის კურიერში“ “ციანიდის საქმის” დახურული სხდომის ოქმი გასაჯაროვდა, მას შემდეგ მიმართა მთავარ პროკურატურას, თუმცა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ მათი მხრიდან გამოძიება დიდი ხნის დაწყებული უნდა ყოფილიყო.
„ოხანაშვილი საუბრობს, რომ შეწყალებაში ხდებოდა კორუფცია და ნანა კაკაბაძე და სხვა პირები მონაწილეობდნენ სიების შედგენაში საპატრიარქოს ეგიდით, დგებოდა შეწყალების სიები, შემდეგ იწყალებდნენ ადამიანებს. ის ამბობს, რომ არსებობს სულ მცირე სამი ადამიანი, რომლებსაც შეხვდა და რომლებმაც უთხრეს, რომ ჩვენ თანხის სანაცვლოდ გავთავისუფლდით შეწყალებითო. მართალია, ეს უშუალოდ მე არ მიკავშირდება, ოხანაშვილი იქ არ საუბრობს, რომ ისინი უშუალოდ ჩვენს მიერ იყო გათავისუფლებული, მაგრამ რადგან ის საუბრობს, რომ იქ იყო კორუფცია, ირიბად ჩვენ ვიყავით ამაში ჩართულები და ფულის სანაცვლოდ თავისუფლდებოდნენ შეწყალებით, თავისთავად არაპირდაპირ ჩვენ გვიკავშირდებოდა. მეც რომ არ მიკავშირდებოდეს ეს პირდაპირ, ვინაიდან საუბარია, რომ შეწყალების კომისიაში და შეწყალებაში იყო კორუფცია, ამაზე დაუყოვნებლივ უნდა მოეხდინა ხელისუფლებას რეაგირება“,- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
კაკაბაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის მხრიდან დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პრეზიდენტის დაკითხვა.
„ოხანაშვილი საუბრობს სამ პიროვნებაზე, რომ ის შეხვდა სამ გათავისუფლებულ პატიმარს, რომლებმაც უთხრეს, რომ თანხის სანაცვლოდ, შეწყალების გზით გათავისუფლდნენ. მე არაფერს გამოვრიცხავ, მე ვამბობ რომ ეს არის გამოძიების საგანი, ანუ პროკურატურა უნდა დაინტერესებულიყო ამით, უკვე უნდა იყოს პრეზიდენტი დაკითხული, იმიტომ რომ კონსტიტუციით ერთადერთი პირია, რომელსაც შეწყალების უფლება აქვს. რეკომენდაციის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს,  შეწყალების უფლება კი მხოლოდ ერთ პირს.
კაკაბაძე აცხადებს, რომ მართალია ოხანაშვილის ჩვენებაში პირდაპირ მასზე არ არის საუბარი, მაგრამ, დავუშვათ ის იყო ჩართული კორუფციაში და პრეზიდენტს აძლევდა თანხას, გამოძიების მხრიდან უნდა მოხდეს პრეზიდენტის დაკითხვა, რათა სიმართლე გაირკვეს.

„მე კი არ ვარ არსად მოხსენიებული, მაგრამ დავუშვათ თუ ვაძლევდი პრეზიდენტს თანხას, მე გამოვდივარ ვაჭრობით ზეგავლენის მომხდენი პირი  პრეზიდენტზე, რომელიც ათავისუფლებდა ადამიანებს. ანუ, უნდა იქნეს პრეზიდენტი დაკითხული და მან უნდა დაადასტუროს, ან უარყოს მე ვიყავი თუ არა ის ადამიანი, რომელიც მასზე ვახდენდი ზეგავლენას, ვაჭრობით და ის ამის შედეგად ათავისუფლებდა ადამიანებს“,- ამბობს უფლებადამცველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები