პროკურატურა: საქართველომ ნიდერლანდებს ამსტერდამი-კუალა ლუმპურის ავიაკატასტროფის გამოძიებაში დახმარებისთვის BUK სისტემის რაკეტა მიაწოდა

საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ კატასტროფის გამოძიებისთვის, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტა გადასცა.
მთავარი პროკურატურა აღნიშნული საკითხის შესახებ არსებულ ინფორმაციას ადასტურებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ნიდერლანდების სამეფოს უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის 27 იანვარს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.
„ჰოლანდიის ეროვნული პოლიციის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეროვნული სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხება მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი, ამსტერდამი – კუალა ლუმპურის „MH17“ რეისის სამგზავრო თვითმფრინავის 2014 წლის 17 ივლისს დონბასის რეგიონში (უკრაინა) მომხდარ ავიაკატასტროფას. ხსენებული სისხლის სამართლის ფარგლებში, „სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1959 წლის ევროპული კონვენციის და მისი დამატებითი ოქმების საფუძველზე, ნიდერლანდების სამეფოს უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის 27 იანვარს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარ პროკურატურას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ. ხსენებული შუამდგომლობით, სხვა მოქმედებებთან ერთად, მოითხოვებოდა ჰოლანდიური მხარისათვის „9M38M1“ ტიპის „BUK“ სისტემის რაკეტის ერთი ეგზემპლარის მიწოდება.
დასახელებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2166-ე რეზოლუციის შესაბამისად, საქართველოს მხარის მიერ დაკმაყოფილებული იქნა მითითებული შუამდგომლობა და ნიდერლანდების მხარეს გაეწია შესაბამისი სამართლებრივი დახმარება”, – აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ კატასტროფის გამოძიებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტა გადასცა. ამის შესახებ ტელეკომპანია RTL Nieuws იუწყება.
ტელეკომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის 21 თებერვალს ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის სამსახურის და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები საქართველოში სატვირთო თვითმფრინავ Hercules-ით ჩავიდნენ.
საქართველოში მათ კომპლექს „ბუკის“ რაკეტა გადასცეს. მომდევნო დღეს თვითმფრინავი ნიდერლანდებში დაბრუნდა და რაკეტა ერთ-ერთ ნიდერლანდურ სამხედრო ავიაბაზაზე ჩაიტანა. ეს ინფორმაცია ნიდერლანდების პროკურატურის წარმომადგენელმაც დაადასტურა. მისი თქმით, ნიდერლანდებმა საქართველოს დახმარებისთვის მიმართა, ვინაიდან რეისის კატასტროფის საქმეზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვება სურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები