შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. ქვედანაყოფმა ბაგრამის საავიაციო ბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის ამოცანები II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონისგან უკვე სრულად ჩაიბარა.
უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ავღანეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ასევე სამოქალაქო პირთა ხსოვნას.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირად შემადგენლობას სიტყვით ტაქტიკური დაჯგუფების „ჯერონიმოს“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კრისტოფერ დემურემ და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაურმა, მაიორმა აარონ ლენცმა მიმართეს. მათ 23-ე ბატალიონს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და 31-ე ბატალიონს მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.
ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ უფროს სამხედრო წარმომადგენელთან, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილთან ერთად მისი ახალი შემცვლელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, ამერიკელი ორვარსკვლავიანი გენერალი ლეოპოლდო ქუინტასი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული კოალიციური ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მეთაურები, ქარაბაღისა და ბაგრამის პოლიციის უფროსებიც მოიწვიეს.
ცერემონიალზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართველი სამოქალაქო პირებიც იმყოფებოდნენ. უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის 23-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ბექა ამბროლაძეს „ბრინჯაოს ვარსკვლავი“, ხოლო პირად შემადგენლობას ამერიკული მედლები გადაეცა. ქართულმა მხარემ კი, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ამერიკელი სამხედროები მედლებით:„გენერალი კვინიტაძე“, „ქაქუცა ჩოლოყაშვილი” , “საბრძოლო იარისთვის” და „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ დააჯილდოვა. სამახსოვრო საჩუქრები კოალიციური ძალების სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს.
III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე რიგით მეოთხე როტაციას, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები