ქეთევან ციხელაშვილი: ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

„ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“ , – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროპარლამენტში აფხაზეთის მხარდამჭერი დეპუტატთა ჯგუფის შესაძლო შექმნის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.
მინისტრი ამბობს, რომ ის არ ფლობს მსგავს ინფორმაციას, რომელიც აფხაზური მედიით გავრცელდა.
„ევროპარლამენტი, როგორც სტრუქტურა ევროკავშირის ნაწილია, იმ აქტორისა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, გამორჩეულად პოზიტიური თანამშრომლობა სწორედ ევროპარლამენტთან. კონკრეტულად რა ინფორმაციაზეა საუბარი არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპარლამენტის პოზიცია ძალიან მყარია ისევე, როგორც ევროპარლამენტარების. მათ არაერთხელ დაუფიქსირებიათ თავიანთი პოზიცია რეზოლუციებში, რომელიც სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერასთან ერთად ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას უჭერს მხარეს, რომელიც მდგომარეობს ერთი მხრივ, დეოკუპაციის სტრატეგიაში, ხოლო მეორე მხრივ, კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოებების შერიგებასა და საქართველოს ჩართულობის პოლიტიკაში”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შესაძლოა ევროპარლამენტში აფხაზეთის მხარდამჭერი სადეპუტატო ჯგუფი შეიქმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები