თამარ ჩუგოშვილმა და ირინე ფრუიძემ განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესების შესახებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა  და ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირინე ფრუიძემ განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესების შესახებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე  დეტალურად იმსჯელეს იმ მოთხოვნების  შესახებ, რომელსაც  ინიცირებულ კანონპროექტზე თანდართული  სრულყოფილი და დახვეწილი  განმარტებითი ბარათი უნდა პასუხობდეს; ასევე განიხილეს რეკომენდაციები, როგორც მთლიანად განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის, ასევე, მისი ფინანსური გავლენის ნაწილის გაუმჯობესების მიზნით; შეხვედრაზე მიმოიხილეს განმარტებითი ბარათის შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა,  განმარტებითი ბარათი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ყველა კანონპროექტს თან ერთვის.  მისი თქმით, დღეს არსებულ განმარტებით ბარათებთან დაკავშირებით არსებობს ბევრი ხარვეზი.

„ხშირია შემთხვევები, როცა განმარტებითი ბარათები ფორმალურად არის შევსებული და რეალურად არ ასახავს იმ ინფორმაციას, თუ რა გავლენას მოახდენს ინიცირებული კანონპროექტი ბიუჯეტზე ან ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. ჩვენი მიზანია, ეს ხარვეზები აღმოვფხვრათ და  დაიხვეწოს განმარტებითი ბარათი იმდენად, რომ ნებისმიერ ინიცირებულ კანონპროქტთან დაკავშირებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია,  ზუსტად  რა იცვლება, რა შედეგი დადგება, როგორ მოაგვარებს  კანონპროექტი კონკრეტულ პრობლემას, რა გავლენას იქონიებს ბიუჯეტზე, რა გავლენა ექნება საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით თუ ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით.”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს, ირინე ფრუიძეს მიაჩნია, რომ განმარტებითი ბარათის სტრუქტურის და შინაარსის გაუმჯობესება  მნიშვნელოვანია  როგორც საკანონმდებლო, ასევე, საზედამხედველო ფუნქციის  სრულყოფილად განსახორციელებლად.

მისი შეფასებით, განმარტებითი ბარათის არსებული ფორმა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დეპუტატებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღონ კანონპროექტის შესახებ.

„სწორედ ამიტომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. ღია და  გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და ვფიქრობთ, რომ მივიღებთ ბევრად უფრო დეტალურ და შინაარსობრივად გამართულ განმარტებით ბარათს”, – აღნიშნა ირინე ფრუიძემ.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე  წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია  სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. „საბოლოო ჯამში შევჯერდებით იმ ვერსიაზე, რომელიც ყველაზე საინტერესო და მისაღები იქნება ჩვენთვის”, – აღნიშნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, სამუშაო ჯგუფის შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება. თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, შეხვედრების შედეგად მიღებული ვერსია ინიცირებული იქნება საქართველოს პარლამენტში და ცვლილებები აისახება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში”.  „იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში  ჩვენ მის ინიცირებას შევძლებთ”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში. ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ IDFI-თან თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები