ანალიტიკოსის აზრით, 2017 წლის თბილისის მერის არჩევნები ყველაზე კონკურენტულია

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, 2017 წლის თბილისის მერის არჩევნები, ყველა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ყველაზე კონკურენტულია, იმ კუთხით, რომ მასში საზოგადოებისთვის ცნობადი ცხრა პოლიტიკოსი მონაწილეობს.
“თბილისის მერის არჩევნები ყოველთვის იყო, არის და, ალბათ, იქნება ადგილობრივი არჩევნების ცენტრალური მოვლენა. მოსალოდნელია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. 2017 წლის თბილისის მერის არჩევნები ყველა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ყველაზე კონკურენტულია, იმ კუთხით, რომ მასში მონაწილეობს, არც მეტი, არც ნაკლები, საზოგადოებისთვის ცნობადი და წონადი ცხრა პოლიტიკოსი და პირველად, სწორედ ამ არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიისა და წარმომადგენლობითობის ხარისხი უმჯობესდება. საარჩევნო გარემო, წინა არჩევნებთან შედარებით, გაცილებით თავისუფალია, პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს აქვთ უპრეცედენტოდ თავისუფალი და სრულფასოვანი წვდომა მედიასთან. ასეთი აქტიური და წარმომადგენლობითი წინასაარჩევნო დებატები არცერთ წინა ადგილობრივ არჩევნებს არ ახსოვს”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, დღემდე არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული ვითარება, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ეს აღნიშნულია კიდეც NDI-ს ბოლო ანგარიშში.
ანალიტიკოსის თქმით, ეს არჩევნები წინა არჩევნებისგან იმითაც განსხვავდება, რომ კანდიდატები, განსაკუთრებით თბილისის არჩევნებში, აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიასა და ახალ ტექნოლოგიებს. არის ერთგვარი შეჯიბრი ქალაქის მოწყობის ახალ და მაღალტექნოლოგიურ იდეებს შორის, თუმცა არა იმ დოზით, რასაც პირადად ისურვებდა.
მისი თქმით, მრავლადაა პოპულისტური დაპირებებიც. კანდიდატები, კრიტიკულნი არიან ერთმანეთის მიმართ, მაგრამ “წითელ ხაზებს“ ჯერჯერობით არ გადადიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები