სტიქიას შუახევში ამ დრომდე ებრძვიან

ძლიერმა წვიმამ შუახევის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.
დანგრეულია საავტომობილო გზები. გააქტიურდა მეწყერული პროცესები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, შენობა-ნაგებობები. ადიდებულმა წყალმა გუშინ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში 5 მეტრი სიგრძის ბეტონის ხიდი დაშალა, რომლითაც სოფლები: ნაღვარევი და ინწკირვეთი ადმინისტრაციულ ერთეულს უკავშირდებოდა.
ხიჭაური -ჭვანის გზაზე დაზიანებულია ხიდი. ხიჭაური-ჭვანის გზაზე კვლავ ჩამოვიდა მეწყერი და ამჟამად ცენტრალური გზა ჩაკეტილია. ჩაკეტილია შუახევი-შუბნის გზა ყურთისონის უბანში. ჭვანა-ბარათაულის გზაზე დატბორილია გზის მონაკვეთი და ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.მეწყერის გამო, ჩაკეტილია კობალთის, გორგივლი-დღვანის, კვირიაული-ტბეთის გზა ზვარეს უბანში. კვლავ განვითარდა მეწყერული პროცესები სოფელ წყაროთაში, ჩაიკეტა თერნალის უბნის გზა. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ბარათაულში საფრთხე დაემუქრა რამაზ ჭაღალიძის საცხოვრებელ სახლს. ქარიშხალმა დააზიანა მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები: წაბლანაში – რევაზ თურმანიძის, ლაკლაკეთში – როინ აბუსელიძის, ჯაბნიძეებში – მაყვალა მუკუტაძის, რობერტ უსტიაშვილის, გოგაძეებში ნუნუ ბერიძის საცხოვრებელ სახლებზე ნაწილობრივ ახდილია სახურავი.მეწყერული პროცესები განვითარდა დაბა შუახევში, ორთამელას უბნის გზის საწყისი დაიფარა მიწის მასით. მეწყერული კერებია სოფელ ოქროპილაურში.
სოფელ ნიგაზეულში ხიმშიაშვილთა საგვარეულო ციხის ქვემოთ გამოსკდა მიწა, საფრთხე დაემუქრა საცხოვრებელ სახლებს. სოფელ ფურტიოში, მეწყერის შედეგად, საცხოვრებელ სახლთან მიწა ჩამოიშალა. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ამჟამად დენი არ მიეწოდება შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს და ნაწილობრივ წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს: ნაღვარევის, ხაბელაშვილების მოსახლეობას. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მუშაობს საჯარო სკოლები, სკოლამდელი დაწესებულებები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგანგებო შტაბის მუშაობა. ტარდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გზების, წყალსადენების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები