“აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის გამგეობის შემოწმების შემდეგ არაადეკვატური დასკვნა დადო”

აფბას შეფასებით, ოზურგეთის გამგეობის 2012-2013 წლების საქმიანობის შესახებ აუდიტის 2014 წ. ანგარიშში აღწერილი ფაქტები არსებითად არის აცდენილი დასკვნის შინაარსს. ეს პერიოდი ემთხვევა კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდს.
ამჟამად, კონსტანტინე შარაშენიძე თვითმმართველობის მიმდინარე არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
აფბას განცხადებით, ანგარიშის შინაარსის მიხედვით, გამოვლენილია საქონლისა და მომსახურების მაღალი ფასით შესყიდვის, თანხების ზედმეტად გადახდის, გარე აუდიტების მიერ ზერელედ ჩატარებული აუდიტის, დაკვეთილი სამუშაოების დადგენილი წესით არჩაბარების, მუნიციპალიტეტის შპს-ების კონტროლის მექანიზმების არარსებობის და მათ მიერ მუნიციპალიტეტისთვის გრძელვადიანი ბიზნეს გეგმების წარუდგენლობის, კონკრეტული მიზნებისა და გეგმების გარეშე მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ები დაფინანსების, სოციალური პროგრამების თანადაფინანსების არამიზნობრიობისა და დასაბუთებული აუცილებლობის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის ფაქტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შედეგად, მოცემულია ანგარიშის დასკვნა, რომ (ციტატა დოკუმენტიდან) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებს“.
აფბა აცხადებს, რომ გასულ წლებში, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის განხორციელებისას, ხშირ შემთხვევაში, ანგარიშის დასკვნითი შეფასებითი ნაწილი არ შეესაბამება დასკვნის შინაარსის თანახმად გამოვლენილ დარღვევებს.
აფბას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის შინაარსისა და დასკვნის მსგავსი შეუსაბამობები საკმაოდ ხშირია სხვა მუნიციპალიტეტებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის განხორციელებისასაც.
აფბა მიიჩნევს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული აუდიტის ანგარიშების დასკვნები გაცილებით ახლოს უნდა იყოს ანგარიშების შინაარსთან და დასკვნის არგაცემის შემთხვევაში, ავტომატურად უნდა იწვევდეს შესაბამისი ხარისხის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ადმინისტრაციული თუ სამართალდამცავი სტრუქტურების წინაშე.
აფბა იმედს გამოთქვამს, რომ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ახალი მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი და არსებითი გამოწვევა შემდგომი საქმიანობისას სწორედ მსგავსი შეუსაბამობების აღმოფხვრა გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები