ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა „ჯორჯიან მანგანეზის“ თასისთვის – უპრეცედენტო პროექტი სამი ლიგის გამარჯვებულებით  

 

ჯანსაღი, გონმრთელი, მხიარული და საზრანი მომავლის დღე ჭიათურაში.
პროექტის: ვსწავლობთ ხალისით ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა ჯორჯიან მანგანეზის თასისთვის, 2017 წლის სეზონი დასრულდა.
ჭიათურის კულტურის ცენტრი ინტელექტუალური ლიგის ფინალი;
სპორტული სკოლა სპორტული ლიგის ფინალი;
ჭიათურის კულტურის ცენტრი მხიარულთა და საზრიანთა ლიგის ფინალი;
ჭიათურის კულტურის ცენტრი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი;
ოლიმპიადის დახურვა, ფრანების მარში და ფეიერვერკი...
ახალგაზრდობის საზეიმო შეკრებაა ჭიათურაში, ინტელექტუალური, სპორტული, ხალისიანი, სასწავლო თამაშის ჩემპიონატია, რომელშიც მონაწილეობა სასურველი და საპატიოა… ასე ამბობენ ოლიმპიადის მონაწილენი და მესვეურნი.

როგორც პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა მაკა შარვაძემ განაცხადა,  ეს ოლიმპიადა არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფლების მცოდნეთა კავშირის“ პროექტია. მისი განსხვავებულობა ის არის, რომ ამ პროექტში სამი სხვადასხვა ხასიათის თამაშია, ანუ პროექტში სამი ლიგაა: ინტელექტუალთა, სპორტული და მხიარულთა და საზრიანთა ლიგა.
„პროექტი მარტში დაიწყო და ჭიათურის 43 სკოლის გუნდი მონაწილეობს, ანუ მთლიანად მოიცავს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლას, თუმცა პრინციპი ასეთია: სკოლას სამივე ლიგაში გამოჰყავს სამი განსხვავებული გუნდი ერთი სახელით. „ჯორჯიან მანგანეზის“ გამარჯვებული იქნება ის სკოლა, რომელიც სამივე გუნდში მიაღწევს წარმატებას, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ისე მოხდა, რომ  მხოლოდ ორად ორი გუნდი დაფიქსირდა, რომელსაც სამივე ლიგაში მოთამაშე ჰყავს“, – ამბობს მაკა შარვაძე.
მისი თქმით, ეს პროექტი უპრეცედენტოა და ანალოგი არ აქვს საქართველოში…
„ეს არ არის ერთი კონკრეტული თამაში. სამი თამაშია, რომლის ორგანიზებასაც ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. უნიკალურობა ისაა, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი, რომელიც კერძო სტრუქტურასთან თანამშრომლობს და სახელმწიფო დაწესებულებებს, ანუ საჯარო სკოლებს უწევს მომსახურებას. კიდევ ერთი, პროექტს  ძალიან დიდი მასშტაბი აქვს. ჭიათურის რაიონიდან თამაშში 783 ბავშვია  ჩართული,  მთლიანად ამ სამივე ლიგაში, 55 გუნდი თამაშობს.
რაც ყველაზე არსებითია: აკრძალულია ბავშვების მიერ ყველა მოსაკრებელი. იქნება ეს ფორმების, მგზავრობის, პედაგოგის… ანუ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ  ძალიან დაბალი სოციალური წარმომავლობის ბავშვები, საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობის გამოვლენის ხარჯზე ხდებიან ამა თუ იმ გუნდის წარმატებული მოთამაშეები თუ უბრალოდ მონაწილენი.
რა შეეხება „ჯორჯიან მანგანეზის“ ჩართულობას ამ პროექტში, პროექტი მისი დაფინანსებით ტარდება და მოგვცა იმის საშუალება, რომ გვყოლოდა პროფესიონალი პედაგოგები, პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ბავშვებთან ურთიერთობაში მაღალი კლასის სპეციალისტები არიან, მათ შეუძლიათ, ამ ბავშვებთან კლასგარეშე სამუშაო შეასრულონ ისე, რომ არ დაზარალდეს სასწავლო პროცესი.
ამ პროცესს „სწავლობ ხალისით“ ჰქვია. თუ ინტელექტუალთა ლიგის მაგალითს ავიღებთ, ჩვენ ბავშვებს კონკრეტულ დავალებებს ვაძლევთ, იმის გარდა, რომ ინტელექტუალურ თამაშებზე კითხვები სასწავლო პროგრამიდან იქნება, პარალელურად, ჩვენ მიერ მიცემულ დავალებას ასრულებენ.  ანუ ბავშვი ვერ მოვა თამაშზე, თუ  არ  შეასრულა ჩვენ მიერ მიცემული დავალება. და ამას ჩვენ თამაშის ხაზით ვაკეთებთ. ჭიათურის სოფლებში ბავშვები გვყავს, რომლებსაც არა აქვთ არანაირი წვდომა დღევანდელ ტექნოლოგიებთან, თუნდაც ელექტრო წიგნებთან,  ჩვეულებრივ ქაღალდის წიგნებთანაც კი. ჩვენ, როგორღაც, რაღაც ფორმით, ამ ბავშვებამდე მისვლას ვახერხებთ.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მხიარულთა და საზრიანთა ლიგა.  ჭიათურას ამ თამაშში დიდი ტრადიცია აქვს. თამაშში ჩართულები არიან მშობლები, რომლებიც გუნდის წევრები არიან, და ყველა ლიგაში ჩვენთან ერთად თამაშობენ“, – ამბობს მაკა შარვაძე.
რაც შეეხება ნომინაციებს, სულ 25 ნომინაციაა. ამიტომაც, როგორც მაკა შარვაძე აღნიშნავს, არის ოლიმპიადა ძალიან დიდი მასშტაბის.
„ჩვენ გამოვავლენთ გამარჯვებულებს: პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს სამივე ლიგაში. სამივე ლიგაში საუკეთესო მოთამაშე დასახელდება – „ლიგის მშობელი“, „ლიგის დირექტორი“, „ლიგის მასწავლებელი“.
სამივე ლიგის  25-ვე ნომინაციაში, ჩვენი ბავშვები საკმაოდ სოლიდურ თანხას იგებენ. მაგალითად, სპორტულ შეჯიბრში პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 800 ლარი და ფასიანი საჩუქარი. ასევეა ინტელექტუალურთა და მხიარულთა და საზრიანთა ლიგაშიც –  პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცემა 800 ლარი, მეორე ადგილის თანხაა 600 ლარი. მესამე ადგილის კი – 400 ლარი.
საუკეთესო მოთამაშე ჯილდოვდება 300 ლარით, მაგალითად, სამივე ლიგის „სკოლის საუკეთესო დირექტორს“  გადაეცემა 300 ლარი, მაგრამ  მთავარი პრიზის მფლობელი გახდება  2017 წლის ჩემპიონი გუნდი.
„წლის საუკეთესო გუნდად“ დასახელდება ის, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა ექნება და გამოცხადდება „ჯორჯიან მანგანეზის“ თასის მფლობელად. თუ ის გუნდი აღმოჩნდება სოფლის გუნდი, „ჯორჯიან მანგანეზი“ გაუკეთებს სტადიონს, ხოლო თუ – ქალაქის გუნდი იქნება, კონკრეტულად იმ სკოლის ყველა მოსწავლეს გადასცემენ უმაღლეს კომპიუტერულ ტექნიკას“, – ამბობს მაკა შარვაძე.
მისივე თქმით, ეს პროექტი შეიძლება თამამად ჩაითვალოს, ჭიათურის უკანასკნელი 25 წლის ისტორიის ყველაზე მთავარ პროექტად.
„ჩაშავებულ, ჩამუქებულ, ბავშვობაწართმეულ, მაპატიეთ, მაგრამ უნდა ვთქვა, ძალიან ცუდი განათლების სისტემისა და სოციუმის, ასევე ცუდი ოჯახური პირობების მქონე ბავშვებს მივეცით საშუალება, ყოფილიყვნენ თავისუფლები, ამიტომაც ჩვენს კავშირს ჰქვია „თავისუფლების მცოდნეთა კავშირი“.
ეს კავშირი დაარსების დღიდან არის ავტორი და შემოქმედი ყველა იმ საზოგადოებრივი აქტივობისა, რომელიც ახალგაზრდული კუთხით და მიმართულებით ჩვენს ქალაქში ტარდება. ეს არის ბავშვების მიერ შექმნილი, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვებზე მოამაგე თავისუფლების მცოდნეთა კავშირი.  ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უნდათ ჭიათურის ბავშვებს, რა მოსწონთ მათ.
პროექტის მთელმა პერსონალმა უარი თქვა სახელფასო ანაზღაურებაზე, ერთი წელი აბსოლუტურად უხელფასოდ იმუშავა და მხოლოდ ამ თამაშების ორგანიზებაზე იზრუნა.
თანამშრომლები, რომლებიც ამ პროექტში მუშაობენ, მაგალითად, ინტელექტუალური ლიგის „მან-სან-კანის“ ლიგის ხელმძღვანელი დღეს საკმაოდ პოპულარული და ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალია, მას მოუწია ჭიათურაში დაბრუნება, ამიტომ დასაქმების თვალსაზრისითაც ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა.

ნიკა ჩიქოვანი, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი :
– ვფიქრობ, ზოგადად, ოლიმპიადები საკმაოდ საინტერესოა. მეც რომ ახალგაზრდა, სკოლის მოსწავლე ვიყავი, ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში. საკმაოდ საინტერესო პროექტია, რადგან მოზარდები განათლებას იღებენ. და რაც მთავარია, არის შეჯიბრი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სფეროში – ხვალინდელ დღეში.
ეს პროექტი უფრო ადრე, „ჯორჯიან მანგანეზში“ ჩემს მოსვლამდე დაიწყო. დავაფინანსე, რადგან ეხება განათლებას, ახალგაზრდებს. თუმცა ვთვლი, რომ უფრო კარგის და ხარისხიანის გაკეთება შეგვიძლია და ალბათ,  შემდეგ პერიოდში – მომავალ წელს დაიხვეწება.
გარედან ჭიათურა უცხო თვალისთვის ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს მადნის მწარმოებელ ცენტრად, თუმცა იქ ხალხი ცხოვრობს, ახალგაზრდები იზრდებიან, სწავლობენ, განათლებას იღებენ და მათთვის სწორედაც რომ მნიშვნელოვანია ასეთი ოლიმპიადის ჩატარება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები