საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც პატიმართა შეწყალების საკითხს ეხებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„რვა თვეზე მეტია საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის.
ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს პასუხის გაცემისაგან, რადგან არ გვინდა პროცესების გამწვავება, მაგრამ „რუსთავი 2“-ის ა.წ. 14 ოქტომბრის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას გავაკეთებთ, რადგან ამჟამად უკვე ბრალდების ობიექტი, საპატრიარქოს თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც გახდნენ.
სიუჟეტში ითქვა, თითქოს საპატრიარქოს მხრიდან გარკვეული ანაზღაურების ფასად ხდებოდა ციხიდან პატიმრების გათავისუფლება, ამ ჭორს სხვა სახით ადრეც ავრცელებდნენ, ამჯერად კი კორუფციული გარიგების თანამონაწილეებად დაასახელეს მეუფე თეოდორე, მზექალა ჭინჭარაულ-ქარსელაძე, შორენა თეთრუაშვილი, ასევე ქალბატონები: ეკა ბესელია, ირმა ჭკადუა, ნანა კაკაბაძე.
საპატრიარქოსთან არსებული ,,მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისია” სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფთა შესახებ მხოლოდ სარეკომენდაციო მასალებს ამზადებს და მას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან შეხება არა აქვს.
იმავე გადაცემაში ამის თაობაზე ისაუბრა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად ქორიძემ, მაგრამ სიუჟეტის ავტორებმა სიცრუის ტირაჟირება არჩიეს და ტელემაყურებლისთვის დაცვის ყოფილი უფროსის, იოსებ ოხანაშვილის ცილისწამებების და თავისი ინტერპრეტაციების თავსმოხვევა სცადეს.
ვფიქრობთ, მიზანმიმართული ქმედებიდან მომდინარეობდა ,,კურიერში” გაჟღერებული მეორე თემაც, – დოკუმენტებზე შორენა თეთრუაშვილის ხელმოწერასთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდება.
დაინტერესებულ პირებს განვუმარტავთ, რომ მდივან-რეფერენტის ხელმოწერა ხდებოდა და ხდება კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დელეგირებული უფლებით.
ბოლოს კი დავძენთ: სასამართლო პროცესებიდან დაუდგენელი პიროვნების მიერ შერჩეული, ამოგლეჯილი მასალების მასმედიაში გასაჯაროება, თანაც მიცემული ჩვენებების ტენდენციური გაშუქება, ვფიქრობთ, უხეშად არღვევს ჟურნალისტურ ეთიკას, რაც ამა თუ იმ არხის არაობიექტურობაზე მეტყველებს და მათ დაინტერესებულ მხარედ წარმოაჩენს“ – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები