ბრიტანეთის ელჩი: საქართველო რეგიონში სამაგალითოა, როგორც დემოკრატიის ხარისხით, ისე საზოგადოებაში დემოკრატიული ინტერესების როლით და მნიშვნელობით

ბრიტანეთის ამჟამინდელი ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი აცხადებს, რომ ბრიტანეთის მთავრობა მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და განვითარებას.
„2016 წელს საშუალება მქონდა, დამკვირვებლის როლში მენახა, როგორ გამართულად და ეფექტურად მუშაობს საარჩევნო სისტემა, საარჩევნო სისტემის გამართულობამ ხელი შეუწყო, ხალხის ნება სამართლიანად ასახულიყო საბოლოო შედეგში“, – აღნიშნავს საქართველოში ბრიტანეთის ამჟამინდელი ელჩი.
„ბრიტანეთის ელჩები საქართველოს შესახებ – “მეოთხედი საუკუნე” – ამ სახელწოდებით მომზადებული ფილმი მიეძღვნა ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობასა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს.
ფილმში დიდი ბრიტანეთის ელჩები საქართველოს წარსულს აფასებენ და ქვეყნის დღევანდელობაზე საუბრობენ.
დონალდ მაკლარენი, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის ელჩი იყო 2004-2007 წლებში, აღნიშნავს, რომ მსგავსი იმედგაცრუება აღარ უნდა განმეორდეს.
„ზედაპირულად, ჩვენ ვხედავდით ახალგაზრდა პრეზიდენტს და მინისტრების ნიჭიერ გუნდს. სამწუხაროდ, შემდეგი წლების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ თვალთმაქცობა, კორუფცია, კრიმინალი – ეს იყო დიდი იმედგაცრუება საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, რაღა თქმა უნდა, ეს იყო დიდი იმედგაცრუება ჩვენთვისაც. გულდასაწყვეტია, რომ ყველაფერი გაფუჭდა, ყველაფერი ქვემოთ წავიდა. ეს არ უნდა განმეორდეს. საქართველო ძალიან ძლიერი ქვეყანაა, ქართველებს ძალიან მტკიცე ხასიათი გაქვთ , აქედან გამომდინარე, თქვენი ადამიანური ღირებულებების ხარჯზე კომპრომისზე არასდროს უნდა წახვიდეთ. ვისაც არ უნდა შეუერთდეთ, ევროკავშირს თუ ნატოს, ეს ინსტიტუტები კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მიდიან და მოდიან. არასდროს დაკარგოთ ღირებულებების ფასი. ეს არ ნიშნავს , რომ გაჯიუტდე, ეს ნიშნავს, რომ დარწმუნებული იყო შენ თავში. რა თქმა უნდა, შეინარჩუნო სიამაყე. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ამაყი ქვეყანა მსოფლიოში.
ეს არის ქვეყანა, რომელიც ზოგიერთი სხვა ქვეყნის მსგავსად მუდმივად ორჭოფობს. როგორც შოტლანდია, ის პატარა ქვეყანაა, მაგრამ ისეთი მიზანსწრაფულობა გააჩნია, რომელიც მუდმივად ექნება, ეს არასდროს დაივიწყოთ. და როდესაც ურთიერთობა გაქვთ გაეროსთან, დიდ ბრიტანეთთან, რუსეთთან, არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ხართ სუვერენული და ამაყი ქვეყანა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს გქონდეთ რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში. თქვენ სხვა ქვეყნების მსგავსად შეხვდებით ეკონომიკურ სიძნელეებს. საქმეები ხან კარგად წავა, ხან ცუდად. ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერება, გულწრფელობა და ადამიანური ღირსება- გააკეთეთ თქვენი ღირებულებების იდენტიფიკაცია, შემდგომ თქვენ ყველა სირთულის დაძლევას შეძლებთ“- აღნიშნავს მაკლარენი. მისივე თქმით, საქართველო უკვე წარმატებული ქვეყანა და ევროპის ნაწილია.
ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობასთან მიმართებაში. ასევე ემხრობა ქვეყნის სურვილს, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.
საქართველოს წარმატებებზე საუბრობს ბრიტანეთის პირველი ელჩი სტივენ ნეში. მისი თქმით, საქართველო, რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო წინ არის სიტყვის თავისუფლების და მედიის მრავალფეროვნების თვალსაზრისით.
„საქართველო იქცა დემოკრატიული განვითარების, სიტყვის თავისუფლების, პლურალიზმის შუქურად, როგორც პოლიტიკური სტრუქტურის, ისე მედიის თვალსაზრისით. ვუერთდები მათ, ვინც ტაშს უკრავს საქართველოს ამ მიღწევებში“,- აცხადებს ბრიტანელი დიპლომატი.
ფილმში ბრიტანეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ჯონათან ჯანოგლი აღნიშნავს, რომ საქართველო და დიდი ბრიტანეთი იზიარებენ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, საპარლამენტო დემოკრატიას და ანგარიშვალდებულებას.
ფილმის “მეოთხედი საუკუნე” სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/EUandGE/videos/716661931865087/
პროექტის ავტორია ირაკლი მეზურნიშვილი. ფილმის მომზადებაში მონაწილეობდა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა.
„მეოთხედი საუკუნე“ არის მეორე სერია დიდი პროექტისა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. პირველი ფილმი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს და აშშ-ის ელჩების შეფასებებს მიეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები