გიორგი გახარია ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

ინოვაციები, ტურიზმი, ტრანსპორტისა და აეროპორტების განვითარება, საჰაერო ფრენები, ქონების მართვა, სტრუქტურული რეფორმები – მათ შორის საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზარი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, ექსპორტის წახალისება და ბიზნესსახლის პროექტი – ამ  და  სხვა მიმართულებებზე, რომელსაც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო ახორციელებს, გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, შეხვედრისას ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.

,,ქონების მართვის მიმართულებით იყო ძალიან ბევრი შეკითხვა. ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის  რეჟიმებზე და საერთოდ ექსპორტის წახალისების და სავაჭრო დეფიციტის გამოსწორების სხვადასხვა მექანიზმებზე. ვისაუბრეთ  ბიზნესსახლის პროექტზეც, რომელიც ითვალისწინებს ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით კომპანიებისთვის 600 ციფრული სერვისის მიწოდებას. ვისაუბრეთ იმ ინოვაციებსა  და რებრენდინგზე, რომელიც დღეს ,,აწარმოე საქართველოში’’ ხდება, ასე რომ, განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ეხება სამინისტროს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრას საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.  ღონისძიების დასრულების  შემდეგ ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრა დადებითად შეაფასა.

,,ჩვენ აქტიურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ეკონომიკის სამინისტროს. ვხედავთ, რომ კერძო სექტორის და ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობა რეალურ შედეგებს გამოიღებს,  როგორც ეკონომიკის ზრდისთვის, ასევე მომავალში ეკონომიკის განვითარებისთვის’’, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე  ნათლად  გამოჩნდა,  რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად ხდება მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით,  რაც ქართველ მეწარმეებს ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებსა და შესაძლებლობებს  აძლევს.

,,ვისოლი ჯგუფის’’  დამფუძნებლის,  სოსო ფხაკაძის შეფასებით, შეხვედრაზე გაჟღერდა კონკრეტული  სიახლეები და ინოვაციური იდეები.

„ვფიქრობ, ყველა ძალიან კმაყოფილი იყო დღევანდელი შეხვედრით. საბოლოო ჯამში, ამ შეხვედრების შედეგად, უფრო პრაგმატული და ეფექტური ხდება ჩვენი საქმიანობა, ადვილად ხდება პრობლემის გადაწყვეტა და ვიღებთ სრულ ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში და კონკრეტულად, ქვეყნის ეკონომიკაში“,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები