სოფო ქაცარავა: დიდი ბრიტანეთი საქართველოს გამორჩეულად აქტიური და ქმედითი მხარდამჭერია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ფილმი „მეოთხედი საუკუნე“ მისთვის განსაკუთრებულია, რადგან პროექტზე მუშაობის პროცესში შესაძლებლობა მიეცა შეხვედროდა იმ ელჩებს, რომლებთანაც 90-იან წლებში მუშაობდა.

ამის შესახებ „პირველს“ სოფო ქაცარავამ განუცხადა.

„ფილმის გადაღების იდეა გაჩნდა ერთი წლის წინ. ჩემს კოლეგასთან ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ფილმი, რომელიც მიეძღვნებოდა ბრიტანეთი-საქართველოს ურთიერთობებს-ვორდროპიდან დღემდე. ფილმი ასახავს იმ მიმართულებებს, როგორიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული კავშირები, ხალხთა შორისი ურთიერთობები და განათლების გზით დაახლოვებული ორი ქვეყნის კულტურა. მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ადამიანთა ჩართულობას ეხება, რომელთაც უშუალოდ მიუძღვით წვლილი ბრიტანეთი საქართველოს ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში. დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს გამორჩეულად აქტიური და ქმედითი მხარდამჭერი და ამას მოწმობს ქვეყნებს შორის ძალიან ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, საპარლამენტო კავშირები და საქართველოს განვითარების გზაზე გაწეული მრავალმხრივი დახმარება, რომლის მონაწილეც თავად ვიყავი 10 წლის მანძილზე. ფილმში ელჩები მოგვითხრობენ თუ რა პროგრესსა და შედეგებს მიაღწია საქართველომ დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და სხვა მიმართულებებით. გადმოცემულია მათი თვალით დანახული საქართველოს უახლესი ისტორია, ქვეყნის გარდამტეხი ეპიზოდები, პოლიტიკური თუ სოციალური ეტაპები დამოუკიდებლობიდან დღემდე და მათი ემოციები საქართველოს მიმართ. პროექტში ასახულია „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“-ს ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხები: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის, რეგიონული, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხები, ასევე, საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-ნატოს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცი. ფილმში ასევე ნაჩვენებია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელსაც სექტემბერში ვესტმინსტერში მოვაწერეთ ხელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მაყურებელს იგივე ემოცია დაეუფლება ამ ფილმის ნახვის შემდეგ, რაც მე ქვეყნისა და ხალხის მიმართ მაქვს, რომლებიც წლების მანძილზე საქართველოს მხარს უჭერენ ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებით”, – აღნიშნა ქაცარავამ.

ბრიტანეთის ელჩები საქართველოზე: “მეოთხედი საუკუნე” – ამ სახელწოდების ფილმი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავიდა. ფილმში დიდი ბრიტანეთის ელჩები საქართველოს წარსულს აფასებენ და ქვეყნის დღევანდელობაზე საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები