ირაკლი მეზურნიშვილი: ელჩების შეფასებები ინვესტიციების ზრდასა და ევროინტეგრაციაზე დადებითად აისახება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ირაკლი მეზურნიშვილის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბრიტანეთის ელჩების დადებითი შეფასება ინვესტიციების ზრდას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ქვეყნის დაახლოებას შეუწყობს ხელს. როგორც პროექტ „ მეოთხედი საუკუნე ავტორი ირაკლი მეზურნიშვილი აღნიშნავს, ბრიტანეთი-საქართველოს ურთიერთობებზე გადაღებული ფილმი „მეოთხედი საუკუნე“ არის მეორე სერია დიდი პროექტისა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

პირველი ფილმი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს და აშშ-ს ელჩების შეფასებებს მიეძღვნა. მისი თქმით, ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ის, რომ ელჩები არიან ობიექტური შემფასებლები და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ხელისუფლებაში. ისინი აფასებენ პროცესებს და შედეგებს როგორც ობიექტური დამკვირვებლები.

„ძალიან მნიშვნელოვანია ბრიტანეთის ელჩების თვალით დანახული საქართველო. ბრიტანეთი ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია, როგორც საგანმანათლებლო ასევე ეკონომიკურ სფეროში, მაგალითად ჩვენი მთავარი ინვესტორი BP არის ბრიტანული კომპანია და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი. რაც ყველაზე სასიხარულო და ძალიან მნიშვნელოვანია ბრიტანეთის მოქმედი ელჩი უმაღლეს დონეზე აფასებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და აღნიშნავს, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა მთელს რეგიონში. ბრიტანეთი, რომელიც ყოველთვის ძალიან მკაცრად აფასებს არჩევნების თემატიკას და არცერთ ქვეყანას ელემენტარულ გადაცდომას და დარღვევასაც კი არ პატიობს საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლეს შეფასებას აძლევს. ბრიტანეთის მოქმედი ელჩი ამბობს, რომ პირადად თვითონ იყო დამკვირვებლის რანგში საპარლამენტო არჩევნებზე და სამაგალითო არჩევნებს უწოდებს“, – აღნიშნავს ირაკლი მეზურნიშვილი.

მისივე თქმით, ფილმში ბრიტანელი ელჩებისგან მწვავე შეფასებები გაკეთდა 2004-2007 წლებში განვითარებულ მოვლენებზე. „რაც შეეხება ბოლო წლებს, არჩვენების დემოკრატიის ხარისხის შესახებ გაკეთებული დადებითი განცხადებების გარდა, ელჩებისგან ბოლო რამდენიმე წელი დადებითად შეფასდა ასევე სხვა სფეროებშიც, მათ შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო ძალიან სწორად და მყარად აგრძელებს არჩეულ საგარეო კურსს, რაც დადებითად აისახება კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებულ პროცესებზეც, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე. დიდი ბრიტანეთისგან გარკვეული რეკომენდაციებიც მივიღეთ, თუ როგორ მოვიქცეთ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ფილმების ეს ციკლი არ დასრულებულა. მომდევნო სერიები სხვა ქვეყნების ელჩების შეფასებებით გაგრძელდება. ეს პროექტი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ 25 წლის მანძილზე დაშვებული შეცდომები, მიღწეული წარმატებები და ღრმა ანალიზის საფუძველზე სამომავლოდ ბევრი რამის გათვალისწინება შევძლოთ“, – აღნიშნავს პროექტის ავტორი.

ბრიტანეთის ელჩები საქართველოზე: “მეოთხედი საუკუნე” – ამ სახელწოდებით ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავიდა ფილმი, რომელიც ბრიტანეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ეძღვნება. პროექტის ავტორია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი. ფილმის მომზადებაში მონაწილეობდა ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა. ფილმში დიდი ბრიტანეთის ელჩები საქართველოს წარსულს აფასებენ და ქვეყნის დღევანდელობაზე საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები