საქსტატი: 1 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 2 200 ადამიანით არის შემცირებული

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 718 200 ადამიანს შეადგენდა. 2016 წლის დასაწყისისთვის მოსახლეობის რიცხოვნობა 3 720 400 კაცი იყო, შესაბამისად, 1 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა ქვეყანაში 2 200 ადამიანით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტი – 5 443 400 კაცი 1989 წელს იყო.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 2 128 600 კაცი საქალაქო, ხოლო 1 589 600 ადამიანი სასოფლო დასახლებაში ცხოვრობს.
ამავე დოკუმენტის თანახმად, 2016-2017 წლებში სასოფლო და საქალაქო დასახლებაში მცხოვრებთა რიცხვს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ საქალაქო დასახლებაში მცხოვრებთა რაოდენობა თითქმის უცვლელია.
კერძოდ, 2016 წლის დასაწყისში ეს რიცხვი – 2 128 500, შესაბამისად მოსახლეობის რიცხოვნობა 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 100 კაცით არის გაზრდილი. სასოფლო დასახლებაში კი პირიქით შემცირებულია. კერძოდ, თუ 2017 წლის დასაწყისისთვის 1 589 600 კაცი იყო, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 591 900 კაცი იყო.
ამასთანავე, „საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წლის დასაწყისისთვის, მოსახლეობიდან 1 781 500 ქალი, ხოლო 1 936 700 მამაკაცია.
რაც შეეხება ასაკობრივ დაყოფას, 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 15 წელს ქვემოთ 724 100 ადამიანია; 15-64 წლის მოსახლეთა რიცხვი – 2 456 700-ია, ხოლო 65 წელს ზემოთ 537 400 კაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები