დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტთან, ჯინ ლიქუინთან (Jin Liquin) გამართა. შეხვედრა აშშ-ის ქალაქ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, სივრცით რეფორმაზე, რომელიც საქართველოში მასშტაბური სატრანზიტო და ტურისტული საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის და საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემლის დაჩქარებული მშენებლობის ხარჯზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს პროგნოზირებულზე მეტად იზრდება.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ბანკის პრეზიდენტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულება გააცნო. პროგრამა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის პრიორიტეტებს ეფუძნება. სწორედ აღნიშნული გეგმის თანახმად, 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში, რომელმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის რეგიონების და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარებით დაინტერესდა. აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია საქართველოში უკვე მონაწილეობს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტში, თუმცა ინტერესი მას სხვა პროექტების მიმართაც აქვს. შეხვედრის დასასრულს, აღინიშნა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები