დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ს ხელმძღვანელი ასლან კობახია გარი არშბამ შეცვალა. ოკუპირებული აფხაზეთის “პრეზიდეტმა” ეს გადაწყვეტილება გახმაურებული სკანდალების და რუს ტურისტებთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ მიიღო.
გაუთავებელი სკანდალები კი ამ უწყების მიმართ ტოტალური კორუფციის შესახებ მრავალრიცხოვანმა ბრალდებებმა და მოსახლეობის პრეტენზიებმა განაპირობა.

ასლან კობახია 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა, მაშინ ხაჯიმბამ მას პირველ რიგში ნარკოტიკების გავრცელების პრობლემის აღმოფხვრა დაავალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კობახიამ დავალება ვერ შეასრულა. ახლა კი რაულ ხაჯიმბას განკარგულებით, წარუმატებელი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
იმავე დღეს ხაჯიმბამ დე ფაქტო სამინისტროს კოლექტივს ახალი ხელმძღვანელი გააცნო; „საჭიროა უფრო ხისტი და აქტიური გავლენის მოხდენა აფხაზეთში კრიმინოგენულ მდგომარეობაზე. უკვე აბსოლუტურად სხვანაირი მუშაობაა საჭირო. შსს-ს მუშაობა უნდა იყოს მიმართული კრიმინალთან ბრძოლის გააქტიურებისკენ. ახალი მინისტრი ამ პროცესს ხელს შეუწყობს”, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ. ასევე, მისი თქმით, ახალი მინისტრის მთავარი ამოცანა რესპუბლიკაში ნამდვილი წესრიგის დამყარება იქნება.

გენერალი გარი არშბა 2011- 2012 წლებში სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი იყო. 2013 2017 წლებში კი რუსეთის შსს-ს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ზაფხულში, აფხაზეთის „გაი“-ს თანამშრომლებმა მასობრივად დაწერეს პატაკები სამსახურიდან წასვლის შესახებ. საგზაო სამსახურის თანამშრომლები გამოვიდნენ იმ ბრძანებულების წინააღმდეგ, რომელიც მათ უცხოური ნომრებიანი ტრანსპორტის შემოწმებაზე შეზღუდვას უწესებდა. ამავე წლის გაზაფხულში კი დე ფაქტო რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აფხაზეთის შსს-ში ტოტალურ კორუფციაზე ალაპარაკდნენ.

11 ივლისს გუდაუთის რაიონში რუს ტურისტებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ამავე რაიონში, 31 ივლისს იქ დასახლებულ რუს ოჯახზე მოხდა თავდასხმა, დაშავდა სამი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები