ანა დოლიძე: სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ერთობა თანხმობის ქვეშ არსებობს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ რიგგარეშე სხდომაზე, კონსტიტუციურ პროექტზე მოტივირებული შენიშვნების წარდგენისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” ოცნება 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ოცნების განხორციელება მომავლისთვის გადაიდო.
მისი თქმით, დღეს კონსტიტუცია მიღებულია მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით და მას აქვს მხოლოდ ერთი პარტიის კუთვნილება.
„ჩვენი საერთაშორისო და ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს სახარბიელო ვითარება არაა. შესაბამისად, პრეზიდენტი არასახარბიელო მდგომარეობიდან გამოსავალს გთავაზობს. ბევრ პარტიას, რომელიც მოტივირებულ შენიშვნებს უერთდება, თავისი კონსტიტუცია რომ დაეწერა, ეს განსხვავებული სახელმწიფოს კონსტიტუცია იქნებოდა.
კონსტიტუციამ, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, მინიმალურად მაინც უნდა შეიძინოს მრავალპარტიული სპექტრის მხარდაჭერა. მოტივირებული შენიშვნებისთვის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ჩვენ ახალი ტიპის პოლიტიკურ ერთობას შევქმნით. სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ერთობა, თანხმობის ქვეშ არსებობს. თანხმობა არ ნიშნავს, რომ ყველა ვეთანხმებით ერთმანეთს მოსაზრებებში“, – აღნიშნა დოლიძემ.
დოლიძემ აქცენტი პროპორციულ სისტემაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მეხუთე საკითხი „ქართული ოცნების“ – ოცნება იყო.
„ეს 2020 წელს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა იყო. „ქართული ოცნების“ ოცნება, რომელიც პროპორციული სისტემის ამოქმედებას დაუყონებლივ 2020 წლიდან გულისხმობდა, თავდაპირველ პროექტში იყო, რაზეც მთელი საქართველო და ვენეციის კომისია საუბრობდა. სამწუხაროდ, ამ ოცნების განხორციელება მომავლისთვის გადაიდო და ეს მწუხარება მხოლოდ ჩვენი არ არის, ეს ვენეციის კომისიისაა, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ ამ ცვლილების გადადება ძალიან სამწუხაროა. პროპორციული არჩევნების გადადება გაშვებული შესაძლებლობაა, რომ საქართველოში სამართლიანი საარჩევნო სისტემა მალევე დამკვიდრდეს. დღევანდელი საარჩევნო სისტემა ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, რადგან ის უზრუნველყოფს რომელიმე პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას დიდი უპირატესობით. ეს სისტემა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის „ოცნების“ წევრების მხრიდან, რომლებიც მსხვერპლად ეწირებოდნენ იდეას, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა დაუყონებლივ მომხდარიყო“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები