“საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს ორი მშობელი ჰყავს”

საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს ორი მშობელი ჰყავს, – ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნების წარდგენისას გააკეთა.

“დღეს ჩვენ განსხვავებულ, არაორდინალურ, უპრეცენდენტო, ისტორიულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. პირველად საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებითაა წარდგენილი. დღევანდელი მოტივირებული შენიშვნები უმაღლეს კანონს ეხება, რომელიც ჩემი, თქვენი, ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფო ორგანოების ურთიერთობის წესს ადგენს, რომელიც რეალიზებული მრავალი ათწლეულის განმავლობაში უნდა იყოს. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და უპრეცენდენტო შემთხვევაა, ვინაიდან ეს მხოლოდ პრეზიდენტის დოკუმენტი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოტივირებულ შენიშვნებს ორი მშობელი ჰყავს. ერთი არის “ქართული ოცნება”, რომლის მიერ ინიცირებული, შექმნილი ან საერთაშორისო ვალდებულებად აღებული საკითხი ის პირველი ხუთი საკითხია, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში არის გამოყენებული. მეორე, ეს ჩვენი ოპოზიციურ პარტიათა სპექტრია, რომლებიც მრავალსაათიანი შეხვედრების, დებატებისა და ხანდახან ცხარე კამათის შედეგად შეთანხმდნენ, რომ იმისათვის, რომ საქართველოს კონსტიტუციას თანხმობის დოკუმენტის ელფერი შესძინონ, ის ერთპარტიული დოკუმენტის სტატუსს გადაარჩინონ კონსენსუსის დოკუმენტს შეუერთდნენ და თქვენს წინაშე ექვსი მოტივირებული შენიშვნა “ქართული ოცნების” ხუთი პუნქტით წარმოადგინონ”,- აღნიშნა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, ეს ვეტო არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტოა. როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი სთავაზობს საპარალმენტო უმრვალესობას, მოტივირებული შენიშვნები გამოიყენოს როგორც საშუალება, რომ კონსტიტუციის პროექტს მინიმალური თანხმობის ხასიათი მაინც ჰქონდეს.

პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები