დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართა. შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. ასევე, ის დახმარება, რაც შეიძლება აშშ-ის ხელისუფლებამ კონგრესის ჩართულობით  საქართველოს აღმოუჩინოს.

შეხვედრებზე ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე,  ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და გატარებული დემოკრატიული რეფორმებისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა  შეხვედრებზე კონგრესმენებს ჩარლზ ალბერტ დაჩ რუპერსბერგერს, პეტერ ვისკლოსკის, ჰალ როჯერსს, სანფორდ ბიშოფს, დინა ტიტუსსა და დევიდ პრაისს საქართველოსადმი გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა კონგრესის წევრებს საქართველოში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ მიმართ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გარდა ამისა, მინისტრმა კონგრესის წარმომადგენლების ყურადღება  ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე გაამახვილა, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდა უნდა დააჩქაროს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, რომელთა ორმხრივ ფორმატში გადაწყვეტა საქართველოს მის წინაშე დასმული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში დაეხმარება.

შეხვედრებს საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები