გიორგი კვირიკაშვილი: მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში

გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა და განაცხდა, რომ ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოს პოზიციები ეკონომიკური მიმართულებით, თითქმის ყველა რეიტინგში გაუმჯობესდა.
მისივე თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
„მაგალითისთვის მინდა მოგახსენოთ, რომ Fraser Institute -ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში. კერძო საკუთრების დაცვის მიმართულებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა. საქართველო აქტიურად ვითარდება, როგორც ევროპული ქვეყანა და ამავე დროს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი – ვაშენებთ ეფექტიან სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, წვლილი შეგვაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, წელს სრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, დავიწყეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთში უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. საქართველო სანდო პარტნიორია ენერგეტიკული მიმართულებით, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს დასავლეთის ბაზრებისთვის ენერგორესურსების მიწოდების მიმართულებით“,- აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის მიზანიცაა ქვეყნის სწრაფი განვითარება.
„ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ უკვე ერთ წელიწადში შევძელით არა მარტო რეგიონული შოკის წარმატებით გადალახვა, არამედ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ჩვენი რეფორმები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან. სავალუტო ფონდმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ საქართველოს რეფორმების პროგრამის განხორციელება შთამბეჭდავად დაიწყო და ყველა მაჩვენებელი გადაჭარბებით არის შესრულებული, ეკონომიკა გაიზარდა დაგეგმილზე უფრო სწრაფად, სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად და რომ მთავრობის რეფორმები უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ დინამიკას მომავალში. საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ნდობას უცხადებს არა მარტო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საფინანსო ინსტიტუტები, ასევე – კერძო სარეიტინგო კომპანიებიც, რისი დასტურიცაა „მუდისის” მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი საქართველოსთვის Ba3-დან Ba2-მდე“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დიალოგის შედეგად, ჩვენი მეგობრების ჩართულობით, შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა სტაბილურობის სურათის გაუმჯობესება, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების განვითარებისთვის.
„რა თქმა უნდა, მეგობრებო, ამ წარმატებების შესახებ ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დარბაზში იმყოფება საქართველოს უამრავი მეგობარი და მე მინდა, რომ ყველა მეგობარმა იგრძნოს თავი ამ წარმატების თანამონაწილედ. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიტიური განვითარების ტრაექტორიის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიალოგის შედეგად, ჩვენი მეგობრების ჩართულობით, შესაძლებელი გახდება, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა სტაბილურობის სურათის გაუმჯობესება, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების განვითარებისთვის“,- განაცხადა პრემიერმა. კვირიკაშვილმა წარმატება უსურვა ფორუმის სტუმრებს და იმედი გამოთქვა, რომ ხვალ აჭარაში მზიანი ამინდი იქნება.
„მინდა, წარმატება გისურვოთ, წარმატება ვუსურვო ფორუმს და გამოვთქვა იმედი, რომ ხვალ იქნება უკეთესი ამინდი, ყველა თქვენგანი დარჩება ბათუმში დღევანდელი დღის მიღმა და ისიამოვნებს ამ უმშვენიერესი ქალაქის მზიანი ამინდითაც“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები