მიხეილ ჯანელიძე კარასინის განცხადებას ეხმაურება: ცალმხრივად ვალდებულებების შესრულება არის შეუძლებელი
ჩვენ მოველით, რომ რუსეთის ფედერაცია გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვალდებულებების ცალმხრივად, შესრულება შეუძლებელია.
„საქართველო დიდი ხანია მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც 2011 წლის შეთანხმებიდან გამომდინარეობს. ჩვენ ასევე მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ კონტრაქტს შუამავალ შვეიცარულ კომპანიასთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების იმპლემენტაცია. მოველით, რომ ეს ძირითადი შეთანხმებაც და შესაბამისი კონტრაქტიც შესრულდება ყველა მხარის მიერ. ცალმხრივად, ამ ვალდებულებების შესრულება არის შეუძლებელი და უნდა იყოს ყველა მხარის სრული თავსებადობა იმ შეთანხმებასთან, რომელიც 2011 წელს გაფორმდა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი „საქართველოს მოუწოდებს, შეასრულოს 2011 წლის შეთანხმება ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ. შესაბამისი განცხადება კარასინმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.