გიორგი კვირიკაშვილი: წლის ბოლოსთვის უფრო მაღალი ეკონომიკის რეალური ზრდა გვექნება, ვიდრე დაგეგმილი იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკურ ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის ეკონომიკის რეალური ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დაგეგმილი იყო. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პირველი მიმოხილვა დაასრულა და საქართველოს ფისკალური მაჩვენებლები არის აბსოლუტურად იმ ჩარჩოებში, რომლებიც მთავრობას განსაზღვრული ჰქონდა. მისივე თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობით ძალიან ეფექტურად იმუშავა.

​„მოგეხსენებათ, რომ ზრდის მაჩვენებელმა გადააჭარბა დაგეგმილს და ჩვენ წლის ბოლოსთვის გვექნება უფრო მაღალი ეკონომიკის რეალური ზრდა, ვიდრე იყო დაგეგმილი. ეს არის ძალიან პოზიტიური ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, სავალუტო ფონდმაც გადახედა ზრდის მაჩვენებლებს და პროგნოზი ასწია 4.3%-მდე. ჩვენ კიდევ ცოტათი უფრო მაღალ ზრდას ველოდებით წლის ბოლომდე. ვფიქრობ, რომ საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ფისკალური მენეჯმენტის სისტემით. ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ის კრიზისი, რომელიც რეგიონში იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველომ წარმატებით გადალახა და დღეს არის საკმაოდ დიდი გაჯანსაღების ტენდენცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც, მაგრამ საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით. რა თქმა უნდა, ეს არის მთავრობის, ასევე ეროვნული ბანკის დამსახურება და კოორდინირებული, კარგი მუშაობის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები