მიხაელ როტი: გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაელ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაელ როტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო.
ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა  ჰაიკე ფაიჩიმ უმასპინძლა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაელ როტმა და  საქართველოში გერმანიის ელჩმა.
„მინდა, გერმანიის მთავრობისა და პარლამენტის სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მჭიდრო მეგობრობისთვის. გარწმუნებთ, რომ გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში. მოდით ავაშენოთ მეტი ხიდი ჩვენს საზოგადოებებს შორის. განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობებს შორის, რომლიც დაფუძნებული იქნება საერთო ფასეულობებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და კულტურაზე”, – აღნიშნა მიხაელ როტმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ვიზიტზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის მიწაზე, რომელიც მიხაელ როტის მოწვევით განხორციელდა და ხალხთაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის კარგი მაგალითია.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯანელიძე, ჰესენის მიწაზე ვიზიტის ფარგლებში, ბად ჰერსფელდის საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო, რომელშიც  ქართულმა  ანსამბლმა „თუთარჩელამ” მიიღო მონაწილეობა.

გერმანიის სახელმწიფო მინისტრის პატივსაცემი საღამო მუსიკალურად სწორედ ანსამბლმა „თუთარჩელამ” გააფორმა.

მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები