სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2017“ დაიწყო

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება ძალების მიზიდვით – „ქარიშხალი 2017“ მიმდინარეობს. სწავლებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი, მასთან დაქვემდებარებული ბრიგადებისა და ბატალიონების შტაბები და ბრიგადებიდან მიზიდული ასეულის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობენ, რომლებიც სასწავლო რაიონებში მოქმედებებს რეალურად ახორციელებენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების მიზანს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბებისა და სწავლებაში მონაწილე საბრძოლო ქვედანაყოფების თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისთვის მომზადება, ასევე, სწრაფად ცვალებად გარემოში სხვა მხარდამჭერ დანაყოფებთან კოორდინაციისა და სინქრონიზაციის სრულყოფა წარმოადგენს. სამდღიანი სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები მართვის პუნქტების ამოქმედების, კავშირის დამყარებისა და შენარჩუნების, ასევე, ტაქტიკური მარშის განხორციელებისთვის საჭირო უნარებს განავითარებენ და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების სხვა მეთოდებს გაეცნობიან, რაც მათ დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედების შესაძლებლობას მისცემს.
„ქარიშხალი 2017“ ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები