გიორგი გახარია: ირანთან ეკონომიკური ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი

,,ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ მესამე ბაზრებზე წვდომაში. ირანი არ არის საქართველოსთვის მხოლოდ 80 მილიონიანი ბაზარი, მისი საშუალებით შეგვიძლია უფრო ფართო რეგიონზე გავიდეთ,  საქართველო კი  პირდაპირ სთავაზობს ირანულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნის პირობებში, ისარგებლონ იმ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს შეიძლება იყოს ევროკავშირი და ყველა მეზობელი ქვეყანა“,- ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  გიორგი გახარიამ ირანის კოოპერაციის შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრთან  ალი რაბიისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

გიორგი გახარიას  თქმით, მინისტრთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სატრანსპორტო კორიდორებსაც, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ცენტრის განვითარების თვალსაზრისით.

ირანის კოოპერაციის შრომის, და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი  ალი რაბიი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომა ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.

პარალელურად,  ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება ბიზნესფორუმიც. მხარეები  ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, წყალმომარაგების, განათლებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის პერსპექტივებზე  იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ირანს შორის  48%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ირანიდან იზრდება ტურისტული ნაკადებიც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის 9 თვეში, ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვი 127%-ით არის გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები