დალოცვილ გვარებს დღე-ღამის განმავლობაში, 12-სათიანი ლოცვა და შესაწირის – სამი ცხვრის მიყვანა დაუწესდებათ

დალოცვილ გვარებს დღე-ღამის განმავლობაში, 12 -სათიანი ლოცვა და შესაწირის – სამი ცხვრის მიყვანა დაუწესდებათ, რითაც გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარებიან. შესაბამისი ინიციატივა მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გააცნო. მისივე თქმით, შეიქმნება სპეციალური ლოცვები, მადლობის ლოცვები და წმინდა სამების ლოცვა.
„ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა. ჩვენ ვლოცავთ გვარებს, მაგრამ ალბათ, ეს არ არის საკმარისი. რაღაც უფრო უნდა გაძლიერდეს ლოცვა. ჩვენი ლოცვა არ არის ფანატიკური მოქმედება. ჩვენი ლოცვა უშუალო კავშირია ღმერთთან. ჩვენ ბევრი გვიფიქრია იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ჩვენი ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი, რომ კარგი იქნებოდა, ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. თქვენ გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა ლოცვითა და მარხვით განიდევნება.
შემოვიდა აზრი და მე ძალიან მომწონს ეს, რაც ძნელი არ არის – ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები: მადლობის ლოცვები, წმინდა სამების ლოცვები, ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამებით, ამ წმინდა ტაძრიდან. დავუშვათ, დღის 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს. შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის. ვფიქრობ, ეს საოცარ შედეგს მოიტანს.ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ხალხში სიყვარული და პატივისცემა.
ძველი რომაელები ამბობენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ამას ვერ ვიტყვით, ვერ ვიმოქმედებთ ამ კანონით. ადამიანი ადამიანისთვის სიყვარულია, ძმა არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ძმებს დავეხმაროთ, ვინც არ უნდა იყოს. მით უმეტეს, თუ გაჭირვებულია ადამიანი და არის ცოდვაში ჩავარდნილი, მას უნდა დავეხმაროთ. მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ ამ სულიერ კიბეზე ასვლას. ეს იქნება სულიერი კიბე, რომელიც სასუფეველში მიგვიყვანს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები