მიხეილ ჯანელიძე: სუამის განვითარების საერთო ხედვა გულისხმობს თანამშრომლობიდან მეტ თანაქმედებაზე გადასვლას

“ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია მეგობარი სახელმწიფოების მიერ, რომელთაც მეტი სტაბილურობისა და განვითარების საერთო ინტერესები და ხედვა გააჩნიათ”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, ორგანიზაციამ, 20 წლის განმავლობაში, შეძლო, განევითარებინა ინსტიტუტები, ჩამოეყალიბებინა თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატები, ასევე, დაემკვიდრებინა საკუთარი ადგილი საერთაშორისო ასპარეზსა და ფორმატებში. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში, სუამმა შეძლო, განევითარებინა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებები, სატრანსპორტო კავშირები, უწყებათაშორისი და სექტორალური თანამშრომლობა, ასევე, ხალხთაშორისი კონტაქტები.
მინისტრის თქმით, არსებული თანამშრომლობა არამარტო სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის ვითარდება, არამედ სუამის პარტნიორებთანაც. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, წლევანდელი წელი გამოირჩევა განსაკუთრებული აქტივობებით. ამ კონტექსტში, მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ქ. კიევში გამართულ შეხვედრას სუამის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებს შორის, რამაც მინისტრის შეფასებით, ახალი იმპულსი შესძინა ორგანიზაციის ფარგლებში ეკონომიკური და სხვა მრავალი მიმართულებით თანამშრომლობას.
„ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, რომელიც უკავშირდება თანამშრომლობიდან უფრო მეტ თანაქმედებაზე გადასვლას, რათა ერთად შევძლოთ კიდევ უფრო ძლიერი სუამის და ძლიერი ორგანიზაციის განვითარება. დღეს შევაფასებთ როგორც განვლილ 20 წელს და მიღწეულ შედეგებს, ასევე, ვისაუბრებთ მომავალზე და იმ ხედვებზე, რომელმაც უნდა წარმართოს ამ ორგანიზაციის საქმიანობის შემდგომი 20 წელი“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანა, დღეს თბილისში მასპინძლობს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნების მე-20 წლისთავს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები