ე.წ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მინისტრი: ქართველი მოსწავლეების მშობლებისგან პრეტენზიები არ შემოსულა
წელს ახალგორის ქართული სკოლები რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდნენ. როგორც ე.წ. სამხრეთ ოსური მედია იტყობინება, საქართველოში ამას ეროვნული უმცირესობების უფლებების შეზღუდვად აფასებენ. როგორც დეფაქტო სამხრეთ ოსეთის განათლების მინისტრი ნატალია გასიევა ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, ქართული სკოლების მოსწავლეებს ენობრივი ბარიერი ხელს უშლიდა სამხრეთ ოსეთის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ათვისებასა და რუსეთის ფედერაციაში შემდგომ სწავლაში. ახალ სასწავლო წელს ახალგორის რაიონის სკოლების დაწყებით კლასებში სწავლება რუსულ ენაზე დაიწყო.
„ქართველი მოსწავლეები აქამდე, ენობრივი ბარიერის გამო, სასწავლო პროგრამების მიღმა რჩებოდნენ და რუსეთის სასწავლებლებში კვოტებით ვერ სარგებლობდნენ. ამასთანავე, ჩვენ დავუტოვეთ მათ იმის უფლება, რომ შეისწავლონ ქართული ენა და ლიტერატურა. სკოლებში ამ საგნების საკმარისი საათია შეტანილი“, – განაცხადა გასიევამ.
დეფაქტო მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსულ სწავლებაზე გადავიდნენ ქართული სკოლების მხოლოდ დაწყებითი კლასები, საშუალო კლასებში კი მოსწავლეები კვლავ ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოებით სარგებლობენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდეგ, მათ უწყებაში ქართული სკოლების მოსწავლეების მშობლებისგან პრეტენზიები არ შემოსულა. ახალგორის რაიონში 6 ქართული და 5 ოსური სკოლა ფუნქციონირებს. ე.წ სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო ენებად ოსური და რუსული ითვლება.