მარიამ ჯაშმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტებს გამარჯვება მიულოცა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები –  გენადი მარგველაშვილი და გუგული მაღრაძე თბილისის საკრებულოში ფინალისტების დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ.

კოალიციის „განათლება ყველასათვის-საქართველო” და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში ფინალისტების ხუთეული დასახელდა: ეკა წულუკიძე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნათია ფურცელაძე – ქ. თბილისის კერძო სკოლა „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო აბულაძე – ქ. თბილისის N 43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; ვლადიმერ აფხაზავა – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი / სპეც.მასწავლებელი; თეა ნონიკაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

მარიამ ჯაშმა პედაგოგებს გამარჯვება მიულოცა: „როდესაც 5000 მასწავლებელს შორის გამოგარჩევენ თუნდაც მონაწილეობის თვალსაზრისით, ეს უკვე არის დიდი წარმატება. მიხარია, რომ გამორჩეულად აღვნიშნავთ მასწავლებელთა მსოფლიო დღეს და, პირველ რიგში,  მიხარია იმიტომ, რომ მომიწია განათლების სფეროში იმ დროს მუშაობა, როცა  პედაგოგის მოღვაწეობა განსაკუთრებულად ფასდება”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ხაზი გაუსვა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოღვაწე პედაგოგის, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 2016 წლის გამარჯვებულის, ჰანან ალ ჰრუბის სტუმრობას  საქართველოში.

„ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა მისი სტუმრობა ამ ღონისძიებაზე, რადგან მქონდა შესაძლებლობა პალესტინაში მოღვაწეობის და ვიცი, რას ნიშნავს სამხედრო პუნქტების გავლა, დევნილთა ბანაკებში პედაგოგობა. ვფიქრობ სწორედ ასეთი მასწავლებლები იმსახურებენ დიდ აღიარებას. დიდი მადლობა მას ჩამობრძანებისთვის. ეს უდიდესი სტიმულია ქართველი პედაგოგებისთვის”, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს”, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize” ნაწილია.

ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 114 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან ფინალისტები სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები