მიხეილ ჯანელიძე ივან სკალფაროტოს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს ივან სკალფაროტოს შეხვდა.
მხარეებმა იტალიური დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შედეგები განიხილეს. იტალიური მხარის მიერ აღინიშნა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში გამართული შეხვედრებით კმაყოფილები არიან და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები არსებობს. როგორც ივან სკალფაროტომ აღნიშნა, საქართველოში ყველა პირობაა იმისათვის, რომ ქვეყანამ უცხოური ინვესტიცია მიიზიდოს.
მიხეილ ჯანელიძემ იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ამასთან, მან მზადყოფნა გამოთქვა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარებას.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველ თანამშრომლობაზე გვემსჯელა. ნათლად ჩანს, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის ძლიერი ურთიერთთავსებადობა არსებობს, ხოლო ჩვენი ბიზნესწრეების წარმომადგენლები ძალიან დაინტერესებულნი არიან. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სამ სფეროს: ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ძალიან ნათლად ჩანს, რომ ყველა სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უდიდესი შესაძლებლობები არსებობს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდგომ ივან სკალფაროტომ.