ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი წინა წელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა
საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 52,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 63%-ით აღემატება.
როგორც “კვირას” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საანგარიშო პერიოდში 116 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 55%-ით აღემატება.
„მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 55%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც, რაც იძლევა პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ წლის ბოლოს საქართველოდან ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდება. ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია აშშ-ს, ევროკავშირის, აზიის და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა შედეგია“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 44% (5537261), რუსეთი – 95% (33243157), უკრაინა – 54%(5322683), პოლონეთი – 14% (1869852), ლატვია – 36% (1141778), ბელარუსი – 34% (1054994), აშშ – 81% (346398), გერმანია – 28% (286156), ისრაელი – 305% (170834), მონღოლეთი – 182% (112710), საფრანგეთი – 321% (96790), აზერბაიჯანი 102% (102 342) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (33243157), ჩინეთი (5537261), უკრაინა (5322683), ყაზახეთი (2044143) და პოლონეთი (1869852).
ამასთან, მსოფლიოს 22 ქვეყანაში 11 354 403 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდია ექსპორტირებული, რაც 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 89%-ით აღემატება. სულ ექსპორტირებულია 25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84%-ს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 147 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 131% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 439,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54% შეადგინა.